სტუდია GNS-ის ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი და ოპერატორი ბაჩო ბულისკერია ამჟამად ახმეტაში, საავადმყოფოში იმყოფებიან. ნანა ლეჟავას საავტორო გადაცემა „კვირის რეპორტაჟის“ გადამღებ ჯგუფს თავს უცნობი პირები დაესხნენ. იმის მიუხედავად, რომ გადამღებმა ჯგუფმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, პოლიციის თანამშრომლები არც შემთხვევის ადგილზე და არც საავადმყოფოში ამ დრომდე არ მისულან.
შეგახსენებთ, სტუდია GNS-ის ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი და ოპერატორი ბაჩო ბულისკერია ახმეტაში დღეს, გვიან საღამოს სცემს. დამტვრეულია ვიდეოკამერა, რომლითაც გადამღები ჯგუფი მუშაობდა.ნანა ლეჟავას საავტორო გადაცემა „კვირის რეპორტაჟის“ გადამღები ჯგუფი, რაიონში ხე-ტყის უკანონო ჭრის შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად იყო ჩასული. ბიზნესს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები მფარველობენ.
„რამდენიმე უცნობი პირი დაგვესხა თავს. ოპერატორი საშინლად არის ნაცემი, დამტვრეულია კამერა. რამდენიმე ადამიანი ბაჩოს გამეტებით ურტყამდა წიხლებს. თავის დაღწევა ძლივს მოვახერხეთ“, - განუცხადა From.ge-ს ჟურნალისტმა ვასილ დაბრუნდაშვილმა.
ვასილ დაბრუნდაშვილი და ბაჩო ბულისკერია თავდასხმის ობიექტები ივლისის თვეშიც გახდნენ. ზესტაფონში გადაღებაზე ჩასულ „კვირის რეპორტაჟის“ გადამღებ ჯგუფს მაშინ თავს, ე.წ. თავისუფალი მედიის ეგიდით მოქმედი ე.წ. მედია ჯგუფი დაესხა - ბიჭიკო გვენეტაძის და ალისტრახო როხვაძის შემადგენლობით. მაშინ ე.წ. მედია ჯგუფი შეეცადა ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის საქმიანობაში ხელი შეეშალა. იმის მიუხედავად, რომ მოხმდარის გამო „კვირის რეპორტაჟმა“ პოლიციას გამოძიების მოთხოვნით ინციდენტის დღესვე მიმართა, საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.