საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხარაგაულის #48 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის - გიორგი გლუნჩაძის რეგისტრაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას მიესალმება. ამასთან დაკავშირებით საიამ დღეს განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ხარაგაულის საარჩევნო კომისიაში გიორგი გლუნჩაძის რეგისტრაციის მიზნით საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია წარადგინა. თუმცა შემდეგ გაჩნდა გარკვეული დაბრკოლებები, რის გამოც მისი დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირება ვერ ხერხდებოდა.
განცხადების თანახმად 22 აგვისტოს აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებელი კანდიდატის, გიორგი გლუნჩაძის რეგისტრაციაში გატარების თაობაზე:
„2012 წლის 10 აგვისტოს ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის - გიორგი გლუნჩაძის რეგისტრაციის მიზნით საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია წარადგინა. სიაში არსებულ ხელმოწერათა გარკვეული ნაწილის ბათილად ცნობის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიამ საინიციატივო ჯგუფს ხარვეზის შესავსებად 2 დღიანი ვადა განუსაზღვრა. საინიციატივო ჯგუფმა მოთხოვნილი ხელმოწერები წარადგინა. იმავე დღეს, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გამოტანილი სასამართლოს განჩინებით გიორგი გლუნჩაძის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები და მათთან დაკავშირებული დოკუმენტები კომისიიდან იქნა ამოღებული. ამა წლის 16 აგვისტოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის განცხადება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებელი კანდიდატის გიორგი გლუნჩაძის რეგისტრაცია შეჩერებული იყო გაურკვეველი ვადით, კომისიიდან გლუნჩაძის კანდიდატის დასარეგისტრირებელად საჭირო დოკუმენტაციის დედანის ამოღების გამო.
საიას მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეში შესაბამის უწყებებს უნდა ეხელმძღვანელათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის მიხედვითაც: ,,თუ ამოღებული და სისხლის სამართლის საქმეზე დართული დოკუმენტი საჭიროა მიმდინარე აღრიცხვისათვის, ანგარიშგებისათვის და სხვა მართლზომიერი მიზნებისათვის, ის ან მისი ასლი შეიძლება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს ან გადაეცეს დროებით გამოსაყენებლად“. ასეთ მართლზომიერ მიზანს უდავოდ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოზე - საოლქო საარჩევნო კომისიაზე - დაკისრებული ვალდებულების შესრულება, რაც გამოიხატება კანდიდატის რეგისტრაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში.
საიამ მედიის საშუალებებით გაკეთებული საჯარო განცხადებებით არაერთხელ მიმართა ხარაგაულის #48 საოლქო საარჩევნო კომისიას, შესაბამისი ორგანოებიდან დაუყოვნებლივ მოეთხოვა ამოღებული დოკუმენტების უკან დაბრუნება, ხოლო შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს - დაუყოვნებლივ წარედგინათ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის აღნიშნული დოკუმენტები. ამ საკითხზე საიამ ინფორმაცია მიაწოდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიასაც. რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საიას რეკომენდაცია გათვალისწინებულია. გუშინ, 21 აგვისტოს კანდიდატის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები დაბრუნდა ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო დღეს, 22 აგვისტოს აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებელი კანდიდატის, გიორგი გლუნჩაძის რეგისტრაციაში გატარების თაობაზე.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დაუშვებელია რაიმე ხელოვნური მიზეზებით რისკის ქვეშ დგებოდეს საქართველოს მოქალაქეების უფლება, იყარონ კენჭი საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. საია მიესალმება ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიისა და პროკურატურის იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და იძლევა დამოუკიდებელი კანდიდატის, გიორგი გლუნჩაძის მიერ პასიური საარჩევნო უფლების რეალიზების საშუალებას“, - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.