ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ წინააღმდეგ სასამართლო დავის განმხილველი მოსამართლე შეიცვალა.
საქმეს, რომელსაც თავიდანვე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე თემურ გოგოხია განიხილავდა, ამჟამად რიგითი მოსამართლე, ჯუმბერ ბეჟანიძე გააგრძელებს. მოსარჩელე მხარის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესში მიღებული ცვლილება შემთხვევითი გარემოება არ გახლავთ.
„საქმეში ახალი მოსამართლის შემოყვანა ჩვენთვის მოულოდნელად გახდა ცნობილი. სასამართლომ ეს ცვლილება 20 აგვისტოს განახორციელა. 17 ივლისიდან საქმის განმხილველი მოსამართლე ბატონი გოგოხია იყო. მართალია, მე მივიღე განმარტება, რომ საქმეს თემურ გოგოხია მხოლოდ იმიტომ აღარ განიხილავს, რომ შვებულებაში უნდა გავიდეს, თუმცა ჩემთვის თემურ გოგოხიას თანაშემწის მხრიდან, მუდმივი კომუნიკაციის პერიოდში, ცნობილი იყო, რომ მოსამართლე მთელი აგვისტო შვებულებაში იყო და სექტემბერში საქმეს განიხილავდა. ბატონი ბეჟანიძისთვის საქმის გადაცემა, თანაც 20 აგვისტოს, ძალიან საინტერესოა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტით.
20 აგვისტოს ბრიფინგით საზოგადოებას გავაცანი გაერო–ს საქართველოს ოფისის პრეცედენტული განმარტება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თამარ კაიკაციშვილის საქმესთან დაკავშირებით. გაერო-ს თბილისის ოფისის განმარტებით, რომელსაც ჩვენ უკანონო, პოლიტიკურ გათავისუფლებაზე რეაგირებას ვთხოვდით, დაგვიდასტურა შემდეგი გარემოებები: პირველი - წარმომადგენლობა გაეცნო პრობლემას და მოახდინა გამოხმაურება, მეორე - გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში დავის გაგრძელების მითითებით ხაზი გაუსვა, რომ საქმე გვაქვს პირის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევასთან და მესამე - საქმის გაერო–ში გაგზავნით ეროვნული სასამართლოების მიკერძოებულობა ცხადი გახდება. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ სერიოზული გარემოების შედეგად იქნა მიღებული მოსამართლის თვითაცილება საქმეში. თქვენ იცით, რომ კოლეჯის წინააღმდეგ დავა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თავიდან აიცილა ის მოსალოდნელი კრიტიკა, რომელიც საქმის განხილვის მიკერძოების შემთხვევაში იარსებებდა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასება, მოსარჩელე მხარეს არა სასამართლო თავმჯომარის, არამედ რიგითი მოსამართლის სახელით შემოგვთავაზა.“ - ამბობს არჩილ კაიკაციშვილი.
შეგახსენებთ, რომ თამარ კაიკაციშვილი 2012 წლის 19 ივნისს კოლეჯის დირექტორმა სასწავლო პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გაათავისუფლა, მოსარჩელე მხარემ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17 ივლისს მიმართა. დავის საგანს დირექტორის მიერ მიღებული ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა და პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა წარმოადგენს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველი განმხილველი სხდომა სექტემბერშია ჩანიშნული.