კოალიცია "ქართული ოცნება" საარჩევნო ნომერ 41-თან დაკავშირებით ხელისუფლებასთან პოლემიკას აღარ აპირებს. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების შედეგებზე არ იმოქმედებს ის ფაქტი, რომ კოალიცია წინასაარჩევნო კამპანიას აქამდე 7 ნომრით აწარმოებდა.
„ჩვენ ვამთავრებთ ყველანაირ დავას ამ საკითხზე, რადგან აზრი არ აქვს სასამართლო დავას და საარჩევნო კამპანიას გავაგრძელებთ ნომერი 41-ით. გადავწყვიტეთ, სიხარულით შევხდეთ ახალ ნომერს. ვპირდებით ამომრჩევლებს, რომ არჩევნებს ამ ნომრითაც მოვიგებთ“, - განაცხადა კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ კოალიციის ფინანსური შესაძლებლობები შეზღუდულია და მთელი საარჩევნო კამპანია მოხალისეების დახმარებაზეა დამოკიდებული, ვისაც დაურიგდება მაისურები, ისინი თავად გადააკეთებენ 7-იანს 41-ად და ასევე მოიქცევიან ბუკლეტების შემთხვევაში.