თბილისის მერია, პუშკინის ქუჩაზე აღმოჩენილი უძველესი გალავნის, აღდგენის ინიციატივით გამოდის.თითოეულ თბილისელს შესაძლებლობა აქვს, ვებ-გვერდზე: www.chemitbilisi.com პუშკინის ქუჩაზე აღმოჩენილი ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და აღდგენის იდეას დაუჭიროს მხარი. იდეის განსახორციელებლად კი 15 000 თბილისელის მხარდაჭერაა საჭირო.
როგორც ცნობილია, აღმოჩენილი გალავანი 110 მეტრის სიგრძისაა. ტერიტორიაზე 5 სხვადასხვა ზომის, ქვიშა-ქვასაგანით აშენებული, კოშკია (გოდოლი) განთავსებული.
თბილისის მერიის ცნობით, ორ დიდ კოშკს (გოდოლს) შორის ე.წ. თბილისის ციხე-ქალაქის ერთ-ერთი კარიბჭე - „დიღმის კარის" არსებობა დასტურდება. კოშკის შიდა და გარეთა ნაწილებში აღმოჩენილია შუა საუკუნეების (XI-XIII სს) დროინდელი მოჭიქული და ჩვეულებრივი კერამიკა, მინის სამჭერები, მონეტები და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები.
ამჟამად,პუშკინის ქუჩაზე არქეოლოგები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.აღმოჩენილი გალავნის გოდოლების სისრულეში მოყვანის მიზნით, ტერიტორია გრუნტისაგან სუფთავდება.
როგორც მერიაში აცხადებენ,ისტორიული გალავნის შენარჩუნების შემთხვევაში მოხდება საავტომობილო გზის აღდგენა.
ახალი სატრანსპორტო სქემის მიხედვით კი, პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით,ხოლო თავისუფლების მოედნიდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, მოძრაობა შესაძლებელი იქნება ასევე ცალმხრივად, რუსთაველის გამზირიდან, ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩების გავლით
მოძრაობა, ასევე, აღდგება სოლოლაკშიც, ასათიანის ქუჩიდან, თუმანიანი ქუჩის გავლით, მეიდნის მიმართულებით.
თბილისის მერია იმედოვნებს,რომ განხორციელებული ცვლილებებით, აღნიშნულ პერიმეტრზე მნიშვნელოვნად დარეგულირდება სატრანსპორტო მოძრაობა.