ივანიშვილის ბურჯანაძესთან შეხვედრა რუსეთისთვის იმის დემონსტრირება იყო, რომ ის უფრო ლოიალურია, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსი უნდა იყოს
„ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა ნინო ბურჯანაძისთვის ხელის ჩამორთმევით, ხელი პუტინს ჩამოართვა.
როგორც მან დღეს „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრა იყო არაპირდაპირი ჟესტი და რუსეთისთვის იმის დემონსტრირება, რომ ივანიშვილი არის იმაზე უფრო ლოიალური, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსი უნდა იყოს.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას აქვს ძალიან მკაფიო ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ ენდობა ქართველ პოლიტიკოსებს და აღნიშნა, რომ იმისთვის, რომ მან ქართველ პოლიტიკოსებთან რაიმე ტიპის ურთიერთობა დაამყაროს, ამ პოლიტიკოსებმა ღიად და საჯაროდ უნდა გააკეთონ დაუფარავი განაცხადი რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით.
„ამიტომ აიძულეს ნინო ბურჯანაძე ჩასულიყო მოსკოვში და იქ ნებისმიერი ქართველისთვის დამამცირებელი საბჭოთა კავშირის ჰიმნის ფონზე, რუსული "პარადი" ჩაებარებინა. დღეს ბუნებრივია, რუსეთში პუტინთან ხელის ჩამოსართმევად ბიძინა ივანიშვილი ვერ ჩავიდოდა, სწორედ ამიტომ ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრა და მისთვის ხელის ჩამორთმევა იყო არაპირდაპირი ჟესტი და დემონსტრირება რუსეთისთვის იმისა, რომ არის იმაზე უფრო ლოიალური, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსი უნდა იყოს. "ქრისტიან-დემოკრატებისთვის" ესაა მიუღებელი", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
მისივე განმარტებით, "ქართული ოცნების" ეს პოლიტიკა კაპიტულანტური ხასიათისაა.
„კაპიტულანტური დამოკიდებულება ნიშნავს იმაზე საუბარს, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო, რომ თურმე საკაშვილია ყველაფერში დამნაშავე. ეს ძალიან მაგონებს იმას, რაც თავის დროზე შევარდნაძემ გააკეთა - ომის დაწყება გამსახურდიას გადააბრალა და თქვა, რომ სწორედ მან დაიწყო გენოციდი. ამის შემდეგ დაიდო კაპიტულანტური ხელშეკრულება და რუსული საოკუპაციო ჯარი გაფორმდა, როგორც სამშვიდობო ძალები", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ნინო ბურჯანაძისა და ივანიშვილის შემდეგი დაახლოება გარკვეული საფრთხის მატარებელია, რადგან ეს საქართველოს დასავლეთთან აშორებს.
„ეს კონტურები ძალიან მაშინებს, რადგან დასავლეთთან გვაშორებს. ყველაზე მეტად მიკვირს ტოლობის ნიშანი "რესპუბლიკელებსა" და ბურჯანაძის შორის. მიკვირს, ეს ადამიანები რატომ არიან გაჩუმებულები", - დასძინა ვეფხვაძემ.