შაშკინი საქართველოს თავდაცვის ატაშეებს შეხვდა

შაშკინი საქართველოს თავდაცვის ატაშეებს შეხვდა

დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა უცხოეთში აკრედიტებულ საქართველოს თავდაცვის ატაშეებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლები. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა ქართველ სამხედრო ატაშეებს საკუთარი თავი წარუდგინეს და მათ საქმიანობაში თავდაცვის ატაშეების ჩართულობის, როლისა და დავალებების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მაია სიფრაშვილი-ლიმ უცხოეთში აკრედიტებულ ქართველ სამხედრო ატაშეებს სამინისტროს ახალი 3T კონცეფცია გააცნო. თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო დოკუმენტი ე.წ. 3T-ს პრინციპს ეფუძნება და ტოტალურ ზრუნვას, ტოტალურ წვრთნასა და ტოტალურ თავდაცვას გულისხმობს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტოტალურ ზრუნვაზე, რომელიც ძალაში 2013 წლამდე ეტაპობრივად შევა და სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახებზე ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხებში სახელმწიფოს მხრიდან სრულ დახმარებას ითვალისწინებს.

ტოტალური ტრენინგი – ნატოში ინტეგრაციისთვის აუცილებელია სახელმწიფოს კარგად მომზადებული და გაწვრთნილი ჯარი ჰყავდეს. ამ მიმართულებით ჯარის მომზადება, საერთაშორისო წვრთნები და ტრენინგები კიდევ უფრო გაძლიერდება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ძლიერი, კარგად მომზადებული ჯარი იყოს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და სიძლიერის გარანტია.

ტოტალური თავდაცვა - ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულისხმობს, რომლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი რეზერვის არსებობა და გაძლიერებაა.