„ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისია დღეიდან ამომრჩეველთა მხრიდან შემოსული განცხადებების დამუშავებას და ერთიან ბაზაში შეყვანას იწყებს“, - ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კაციტაძე აცხადებს, 1-ელი აგვისტოდან კომისიამ მუშაობის მეორე ეტაპი დაიწყო მეთოდით - "ამომრჩევლიდან კომისიამდე". მისი თქმით, უკანასკენელი ოცი დღის განმავლობაში 57 ათასზე მეტი განცხადებაა შესული, საიდანაც კაციტაძის განმარტებით, თბილისიდან 100-ზე მეტი განცხადება, ხოლო დანარჩენი განცხადებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შემოვიდა.
„ჩვენ დღეს დილიდან დავიწყეთ დაახლოებით 57 ათასი განცხადების დამუშავება და ერთიან ბაზაში შეყვანა. მათ შორის უმრავლესობა არის კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ გაკეთებული პარალელური "კარდაკარის" შედეგად შემოტანილი განცხადებები, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით 56 ათასია. 1 სექტემბრისთვის ყველა განცხადების შინაარსი, სათანადო საფუძვლის შემთხვევაში, ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებს ის.
გარდა ამისა, მამუკა კაციტაძის განმარტებით, განახლებული ინფორმაციის საფუძველზე ამომრჩეველთა სია დაახლოებით 4 ათასი ამომრჩევლით შემცირდა. მათ რიცხვში შეტანილია ის მონაცემები, რომელიც კომისიას აქვს გარდაცვალების, რეგისტრაციიდან მოხსნისა და იმ პირების შესახებ, რომლებმაც უარი თქვეს საქართველოს მოქალაქეობაზე.