პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება „ქართული ოცნებისთვის“ 7-ის ნაცვლად, 41-ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით მის მიერ ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთის აღსრულებაა.
პარტიაში აცხადებენ, რომ 7 წარმოადგენდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვან ნაწილს და საზოგადოებაშიც სწორედ ეს საარჩევნო ნომერი მოიაზრდებოდა ბიძინა ივანიშვილის კოალიციის ნომრად.
„ცესკოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება არ აპირებს რაიმე სახის კომპრომისზე წასვლას და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რეალური ოპოზიციისთვის საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელის შესაშლელად“, - განაცხადა პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა თენგიზ ომანიძემ.
ცნობისთვის, გუშინ ცესკოსთან გაიმართა „ქართული ოცნების“ და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია, რომელსაც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე და ერთ-ერთი ლიდერი ქეთი ბექაურიც ესწრებოდნენ.