კოალიცია "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სოფელ ცაიშში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
იგი სოფლის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და აღნიშნა, რომ როგორც მთელ ზუგდიდის რაიონში, ცაიშშიც მოსახლეობის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა.
მისი თქმით, ადგილობრივებს არ აქვთ საშუალება და რესურსი, დაამუშაონ მიწები, აწარმოონ სასოფლო სამეურნეო სამუშაოები.
"სოფელს აქვს წყლის პრობლემა, არ არის გზები, ჯანდაცვის სისტემა ფაქტობრივად მთლიანად მოშლილია, არ მუშაობს სოციალური დახმარების პროგრამები. ცაიშელ ბავშვებს არ აქვთ სკოლა და განათლების მისაღებად მოსწავლეებს 6-7 კილომეტრის გავლა უწევთ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცაიშელებს კოალიცია "ქართული ოცნების" გეგმებიც გააცნო და იმ პროექტებზე ესაუბრა, რომელიც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.
„მოსახლეობის განსაკუთრებული დაინტერესება სოფლის მეურნეობის განვითარების და ამ სფეროში მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების პოლიტიკამ, ჯანდაცვის სფეროს სტრატეგიამ და განათლების სისტემის ხელმისაწვდომობის პოლიტიკამ გამოიწვია“, - განაცხადა მან.