"ნაციონალური მოძრაობის" პრემიერობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი “ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან დებატებში მონაწილეობისთვის მზად არის“, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა.
მან არასერიოზული უწოდა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ დებატებში იწვევს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, ან მთლიანად მთავრობის შემადგენლობას.
„ძნელია, რომ ამ წინადადებას სერიოზული შეფასება მივცეთ, მაგრამ ჩვენ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ივანიშვილი არ გაექცევა გამოწვევას, დადებითად გამოეხმაურება ამ წინადადებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაუპირისპირდება "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
მისივე თქმით, მოქალაქეების ინტერესს წარმოადგენს, უშუალოდ მოისმინონ პოლიტიკური კონკურენტებისგან, რას გეგმავენ ისინი, რომ ხალხის წინაშე არსებული პრობლემები გადაიჭრას.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ვანო მერაბიშვილი იწვევს წინასაარჩევნო პოლიტიკურ დებატებში "ქართული ოცნების" პრემიერობის კანდიდატს არა იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან გვსიამოვნებს ბატონ ივანიშვილთან კომუნიკაცია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი თანამოქალაქეების ლეგიტიმურ ინტერესს - პირდაპირ ეთერში, სატელევიზიო დებატების ფორმატში გაიგონ განსხვავებული პოზიციები ორი რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური ძალის პრემიერობის კანდიდატებისგან", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.