წერეთელი:

წერეთელი: "ქართული ოცნება" კანონის ფარგლებში რომ მოქცეულიყო, შეიძლებოდა საკითხის ისე გადაწყვეტა, როგორც მას სურდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი "ქართულ ოცნებას" ურჩევს, ცესკო-ს მიერ საარჩევნო ნომრად 41-ის მინიჭების მიზეზი საკუთარ თავში ეძებოს. ამის შესახებ მან ჟურნალსიტებთან საუბარში განაცხადა.

მისივე განმარტებით ცესკო-მ საარჩევნო ნომრად 7-ის ნაცვლად 41-ის მინიჭების თაობაზე გუშინ გადაწყვეტილება კანონიერად მიიღო და თუ მას კოალიცია არ ეთანხმება, შეუძლია სასამართლოს მიმართოს. 

„დარწმუნებული ვარ, საკითხის ისე გადაწყვეტა, როგორც კოალიციას სურდა შეიძლებოდა, თვითონ "ქართული ოცნება" რომ მოქცეულიყო ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. თუ ეს მომენტი ხელიდან გაუშვეს და არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, ნურავის დააბრალებენ", - განუცხადა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს.

მან ისიც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის დასრულება საქართველოში მხოლოდ უმცირესობას სურს და აღნიშნა, რომ თუ სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება, ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკაში ყოფნის უფლება არ აქვს. 

"ძალიან ბევრი ადამიანის სურვილია, რომ მიხეილ სააკაშვილის კარიერა არ დასრულდეს, ლოგიკა ამბობს, რომ არ დასრულდება. გარდა ამისა დამარცხების შემთხვევაშიც სააკაშვილს აქვს უფლება იყოს პოლიტიკაში ამა თუ იმ პოზიციაზე. რაც შეეხება იმას, გახდება თუ არა პრემიერ-მინისტრი, შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერი უკვე ჰყავს, რომელსაც 4-წლიანი გეგმა აქვს განსახორციელებელი", - განაცხადა წერეთელმა.