ჭოუ ციენი: ჩინეთ-საქართველოს ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერციის ბრუნვამ, თითქმის 100 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ბევრი ჩინური კომპანია აკეთებს ინვესტიციას საქართველოში

ჭოუ ციენი: ჩინეთ-საქართველოს ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერციის ბრუნვამ, თითქმის 100 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ბევრი ჩინური კომპანია აკეთებს ინვესტიციას საქართველოში

გასულ წელს, ჩინეთ-საქართველოს ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერციის ბრუნვამ, თითქმის 100 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ბევრი ჩინური კომპანია აკეთებს ინვესტიციას საქართველოში, ქმნის ონლაინ პლატფორმებსა და ფიზიკურ საწყობებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ინტერვიუში ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა.

მან ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მნიშვნელობაზე, ასევე, ციფრული „აბრეშუმის გზის“ შესახებ და იმაზე, თუ რამდენად შეუძლია საქართველოს მასში მონაწილეობა.

„ჩინეთმა ჩამოაყალიბა ყოვლისმომცველი ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემა, რომელიც უამრავ სხვადასხვა დონეს მოიცავს.

გასულ თვეს პეკინში გაიმართა მსოფლიოში პირველი ჰუმანოიდი რობოტების მარათონი, რომელშიც ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რაც ნათლად ასახავს ჩინეთის ლიდერობას რობოტიკისა და ე.წ. განსახიერებული ინტელექტის სფეროში. ჩინეთმა გაეროში წამოაყენა ინიციატივა „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების განვითარების საერთაშორისო თანამშრომლობის მეგობრობის ჯგუფის“ შექმნის შესახებ. ეს ჯგუფი ღიაა ყველა ქვეყნისთვის და ჩინეთმა უკვე ოფიციალურად მოიწვია საქართველოც, თუმცა ქართულ მხარეს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია მასში გაწევრიანება.

2017 წელს, „სარტყლისა და გზის“ პირველ საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმზე, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა წამოაყენა „ციფრული აბრეშუმის გზის“ შექმნის იდეა. დღესდღეობით, ჩინეთის ციფრული ეკონომიკა მოცულობით მეორე ადგილზეა მსოფლიოში ინტერნეტმომხმარებლების რაოდენობით, ონლაინ საცალო ვაჭრობის მოცულობითა და მობილური ინტერნეტის განვითარების დონით კი პირველ ადგილს იკავებს.

ბოლო წლებში, საერთაშორისო ვაჭრობის ახალი ფორმები, როგორიცაა საზღვარგარეთული საწყობები და ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერცია, სწრაფად ვითარდება. ამან შესაძლებელი გახადა, რომ „სარტყლისა და გზის“ ქვეყნების უნიკალური პროდუქტები შევიდეს ჩინეთის ბაზარზე, ჩინური პროდუქცია კი გავრცელდეს მთელ მსოფლიოში.

გასულ წელს, ჩინეთ-საქართველოს ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერციის ბრუნვამ, თითქმის 100 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ბევრი ჩინური კომპანია აკეთებს ინვესტიციას საქართველოში, ქმნის ონლაინ პლატფორმებსა და ფიზიკურ საწყობებს. ცოტა ხნის წინ, ჩინეთსა და საქართველოს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განახლების მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, რომელშიც ელექტრონული კომერცია ერთ-ერთ ახალ მნიშვნელოვან მიმართულებად განისაზღვრა. მსოფლიოში ცნობილმა კომპანია „ალი-ბაბამ“ ახლახან გააუმჯობესა ქართული სივრცე თავისი ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე და იმედოვნებს, რომ ქართული კომპანიები ჩინეთის ბაზრის ათვისებისას ეფექტურად გამოიყენებენ ამ პლატფორმას“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.