კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი მზად არის, კახეთში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად თანხა კიდევ გადარიცხოს, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ ხელისუფლება უკვე გადარიცხული 80 მილიონის ხარჯვის მიზნობრიობას წარმოუდგენს და დაასაბუთებს, რომ ეს თანხა საკმარისი არ იყო. ამის შესახებ მან დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, უკვე ესაუბრა კახი კალაძესაც და ორივე მათგანი მზად არის, აღნიშნული მოთხოვნის სანაცვლოდ დამატებით გადარიცხოს თანხები სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად,
მისი თქმით, კახეთის რეგიონს მორიგი სტიქია დაატყდა თავს და აღნიშნა, რომ ისედაც გაჭირვებული ჩვენი მოსახლეობას ამჯერად უკვე ბუნებასთან ბრძოლაც უწევს.
„ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მათ დავეხმაროთ, მაგრამ კანონიერი დახმარების საშუალება არ გვაქვს. ის ირიბი გზა, რაც 80 მილიონის გადარიცხვის სახით გამოვნახე, ამ ხალხის სასარგებლოდ გამოყენებული არ არის. კეთილი ინებონ და ხალხს აუნაზღაურონ დანაკლისი, არა მოგონილი თანხებით, არამედ - ზარალის შესაბამისად", - აღნიშნა ივანიშვილმა.
"ქართული ოცნების" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილი სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად დარიგებული თანხების ოდენობით ტრაბახისთვისაც გააკრიტიკა.
„ამ ხელოვნური თანხების დარიგებითაც გამოდის, ყელყელაობს და ტრაბახობს ჩვენი პრეზიდენტი. კეთილი ინებონ და მოგვახსენონ, როგორ გახარჯეს ეს თანხა. მთელი მთავრობის წევრების იქ ჩაყრით ხალხს არ ეშველება. ეს დასაქმების სამინისტროს შექმნას ჰგავს, როგორც ეს სამინისტრო ვერ დაასაქმებს ხალხს, ისე მთავრობის წევრების კინწისყვრით ჩაყვანით არ ეშველებათ გაჭირვებულებს და ვერ დაუბრუნდებათ დაკარგული მოსავალი. მთავრობის წევრები არაფრის გამკეთებლები არ არიან", - აღნიშნა ივანიშვილმა.