ცესკომ კოალიცია „ქართული ოცნების“ პროტესტი ნომერს შეცვლასთან დაკავშირებით არ მიიღო, არგუმენტად კი საკანონმდებლო ნორმა დაასახელა. კოალიცია ქართული ოცნების წევრი მანანა კობახიძე From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 2010 წელს ქდმ-სა და ნოღაიდელის მიმართ ასეთი პრეცედენტების გამოყენებას ჰქონდა ადგილი და ჩვენც ამ ნორმით ვისარგებლეთ.
„საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მიხედვით, პარტიებმა, რომლებიც ერთ ბლოკად ერთიანდებიან, შეუძლიათ აიღონ წინა არჩევნების დროს გამოყენებული ნომერი. მაგრამ, ამ ნორმაში მითითებული არ არის დათქმა- რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ ნომრის გამოყენების უფლება, თუ ყველა პარტია მონაწილეობდა არჩევნებში. „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ მაისში დარეგისტრირდა, თუმცა „კონსერვატიული პარტია“წინა არჩევნებში 7 ნომრით იღებდა მონაწილეობას. რადგან დათქმა კანონში არ არის, ჩვენ შეგვეძლო ამ ნომრის გამოყენება. ასეთი პრეცედენტები არის ქდმ-სა და ნოღაიდელის პარტიების მიმართ გამოყენებული 2010 წელს . ამ პარტიების მიმართ გამოყენებული იყო სწორედ ის განმარტება, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ ამ ნორმის მიმართ და რითიც ჩვენ ვისარგებლეთ. ახლა განმარტეს, რომ თურმე ბლოკში შემავალ ყველა პარტიას უნდა ჰქონოდა მიღებული მონაწილეობა. ასეთი სახით ინტერპრეტირება პირდაპირ ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს. ამდაგვარი განმარტება დაუშვებელია“,-აცხადებს კობახიძე.
იურისტის განმარტებით, ამ შემთხვევაში ცესკო-მ მიიღო არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური განმარტება, რადგან მათ ვერ შეძლეს პოლიტიკური დაკვეთისა და წნეხის გადალახვა, რადგან არ შეიძლება სამართლის ნორმა დღეს სხვანაირად განმარტო, ხვალ სხვანაირად და მიმართო კონკრეტული სუბიექტის წინააღმდეგ. ეს სამართლის შინაარსს ეწინააღმდეგება.
„27 მაისის აქციის მერე, ჩვენ ყველგან შვიდ ნომერს ვიყენებდით, დამზადდა მაისურები, ბუკლეტები, პარტიის აქსესუარები. ხელისუფლება კი სწორედ ამ ხერხით ცდილობს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას, ეს გათვლილია ამომრჩევლის დაბნევაზე. ჩვენ თუ ჩვენი ნომრის შესახებ წინასწარ ხმამაღლა არ ვიყვირებდით, უპრობლემოდ მოგვცმდნენ ნომერ 7-ს. ჩვენ სამი თვეა საარჩევნო კამპანიას ამ ნომრით ვეწევით და რაღაც 0,01 პროცენტიც რომ შეცდეს, ეს ხელისუფლებისთვის უკვე კარგია. დიპლომატებს ჩვენ გადავცემთ ყველა ინფორმაციას,გავაგებინებთ, რომ ცესკო პოლიტიკური ორგანიზაციაა, როდესაც მარტივ და უმნიშვნელო საკითხთან დაკავშირებით, მათ ვერ შეძლეს გადაელახათ პოლიტიკური დაკვეთა და წნეხი და ჩვენ პრაქტიკულად ამას ვედავებით ცესკო-ს.
ცესკო თავისთავს ეწინააღმდეგება. არ შეიძლება სამართლის ნორმა დღეს სხვანირად განმარტო, ხვალ სხვანაირად და მიმართო კონკრეტული სუბიექტის წინააღმდეგ. ეს სამართლის შინაარსს ეწინააღმდეგება“,-აღნიშნავს კობახიძე.
მანანა კობახიძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ არ აპირებს შეჩერებას და ის თავისი უფლების დაცვას გააგრძელებს.
„ჩვენ გვეკუთვნის ეს და რატომ არ უნდა მოგვცეს ცესკომ ნომერი შვიდი? აქ პრინციპზეა საუბარი და არა იმაზე, შვიდი ჯობია თუ ხუთი ნომერი. ჩვენ ჩვენი უფლებისთვის ვიბრძვით, რომ ცესკომ არ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ამასაც გავასაჩივრებთ. მოსამართლეა სწორედ ის სუბიექტი, რომელიც ნორმას განმარტავს. მე დიდი მოლოდინი არ მაქვს სასამართლოსი, რადგან, ნორმის განმარტების უფლება საბოლოო ჯამში სწორედ სასამართლოს პრეროგატივაა. მთელი უბედურება იმაშია, რომ მოსამართლეც პოლიტიზრებულია და ჩვენს სწორედ იმიტომ ვიბრძვით, რომ შევცვალოთ ეს სისტემა. თუმცა, მინდა აღვნიშნო. რომ ნომერი საერთოდაც რომ არ ჰქონდეს ბლოკს „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ“,-აცხადებს კობახიძე.