საქართველოს პრეზიდენტის დიდი სურვილია ახალი ქალაქის ლაზიკას მშენებლობა რაც შეიძლება მალე დაიწყოს. ამას ის „მისი ბავშვობის სურვილის ასრულებას უწოდებს“ და აცხადებს, რომ “როგორ შეიძლება ომი მინდოდეს, როცა ლაზიკა მაქვს ასაშენებელი“.
ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ლაზიკას მშენებლობა ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან არ გამომდინარეობს და ის გარედან თავს მოხვეული პროექტია.
სად შენდება ქალაქი ლაზიკა?
-არ ვიცი, ვერ გაგცემთ ნამდვილად პასუხს. ძალიან ობიექტური და ცივი გონებით ვცდილობ მოვძებნო ჩემს თავში არგუმენტი, რომელიც დამარწმუნებს რომ ეს აუცილებელია. თუმცა, ვერანაირ არგუმენტს, ვერც პოლიტიკურს და ვერც ეკონომიკურს, ვერ ვპოულობ. ვფიქრობ, რომ ის გარედან თავს მოხვეული პროექტია და როგორც ჩანს, ის შორსმიმავალ გეგმებს ითვალისწინებს. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ქალაქები და სოფლები უნიკალურ ბუნებაში განლაგებული, როცა ისინი არიან ასეთ ცუდ მდგომარეობაში, როცა ამ ქალაქების და სოფლების გაცოცხლება და უამრავი ემიგრანტის უკან დაბრუნება უნდა იყოს ამ ხელისუფლების პოლიტიკური მიზანი, ამის ნაცვლად ხელისუფლება ამ ქალაქის აშენებაზე საუბრობს. 2004 წლიდან საქართველოში არცერთი სამუშაო ადგილი არ შექმნილა. ოფიციალური სტატისტიკით თუ ვიმსჯელეთ, 2003 წელთან შედარებით, 62 000 სამუშაო ადგილით ნაკლებია. იმ პოლიტიკით, რასაც ეს ხელისუფლება ატარებს, სამუშაო ადგილების შექმნა გამორიცხულია. ი, რაც „რეფორმების მამამ“ თავის საცოდავ გუნდთან ერთად გაატარა, საშინელია. ეს რეფორმები რამდენიმე ადამიანის და კორპორაციის ყველაზე მაღალი რანგის ადამიანებისთვის გაკეთდა. ლაზიკის თემის შემოგდება აბსოლუტურად გაუგებარია.
თქვენ ახსენეთ, რომ ლაზიკა გარედან თავს მოხვეული პროექტია, იქნება დააკონკრეტოთ, ვის გულისხმობთ?
-საქართველოს საგარეო პოლიტიკა წარსულშია ჩარჩენილი და იგი ნეოკონსერვატულ მარაზმატიკულ შეხედულებათა სისტემის ფარგლებში იქნა ნაკარნახევი, რამაც წინსვლა არ მისცა ჩვენს საქართველოს. მე ცალკეული ძლიერი ჯგუფების ნაკარნახევი მქონია ეს პროექტი, რადგან არ არსებობს დასაბუთება ამ პროექტის, რადგან არსად ქართულ მედიასივრცეში , არცერთ სახელმწიფო ტელევიზიაში არცერთხელ არ იქნა განხილული ეს საკითხი, არავის დაუსვამს კითხვა თუ რა არის ეს-მერე რა რომ პრეზიდენტის სურვილია ეს. არ არსებობს არცერთი გონიერი ადამიანი, რომელიც დაასაბუთებდა ამ ქალაქის პროექტის დადებით მხარეებს.
ვის სჭირდება ამ ქალაქის აშენება?
-ისედაც მიგრაციის მაღალი დონე გვაქვს საქართველოში. ბოლო 5-8 წლის განმავლობაში ქალების მიგრაციის მაღალი დონე შეინიშნება ისეთი მდიდარი სოფლებიდანაც კი, რომელიც ადრე ამის საჭიროებაც არ ქმნიდა. ლაზიკაზე ინტერესის ყურადღების გადატანა ალბათ ამ მხრივაც კეთდება, რადგან იმ მცირე რესურსების პირობებში, რაც დღეს გაგვაჩნია ქალაქის აშენება წარმოუდგენელია. ეს გამოიწვევს დამატებით გადაადგილებას ამ ისედაც დაცლილი ტერიტორიებიდან და რა გამოდის, ქართულმა მოსახლეობამ ლაზიკაში უნდა მოიყაროს თავი? მე არ ვფიქრობ, რომ ლაზიკა ქართული მოსახლეობისთვის კეთდება. საქართველოს მასშტაბით ასეთი დიდი ქალაქის მშენებლობა წარმოუდგენელია. საქართველოს მოქალაქეები 10 ურბანულ ცენტრში უნდა განთავსდეს? ეს ისეთი დამღუპველი პროექტია, რომ სახელმწიფოს არსებობას კითხვის ნიშნების ქვეშ აყენებს. ამიტომ ვამბობ, რომ ეს პროექტი გარედან ნაკარნახევია გავლენიანი ძლიერი ჯგუფების მიერ, შორს მიმავალი გეგმებით და რა დამღუპველი გეგმები იქნება ეს, ჩვენ ვნახავთ, თუ ამ ქალაქის აშენება განხორციელდა.