ზოგიერთი ევროპელი ელჩი საქართველოში ისეთი გულახდილი იყო ჩემთან საუბარში და აკრიტიკებდა სააკაშვილის რეჟიმს, თუმცა საჯაროდ არ საუბრობდნენ ამაზე - სოზარ სუბარი 7 ნოემბრის მოვლენებზე

ზოგიერთი ევროპელი ელჩი საქართველოში ისეთი გულახდილი იყო ჩემთან საუბარში და აკრიტიკებდა სააკაშვილის რეჟიმს, თუმცა საჯაროდ არ საუბრობდნენ ამაზე - სოზარ სუბარი 7 ნოემბრის მოვლენებზე

7 ნოემბერი იყო კულმინაცია სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკის, - განაცხადა „იმედი LIVE“-ში უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა.

სუბარი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების დროს სახალხო დამცველი იყო, იმ პერიოდს იხსენებს.

„7 ნოემბერი იყო კულმინაცია სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკის, თუმცა ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა და ყველაფერი კარგად ჩანდა. მე სახალხო დამცველი ვიყავი და პრაქტიკულად კვირაში რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა ყველა ქვეყნის ელჩთან და ძალიან ხშირად ვსაუბრობდი საქართველოში ჩამოსულ დელეგაციებთან. ყველას ყველაფერს ვუყვებოდი, ყველაფერი იცოდნენ. ზოგიერთი ევროპელი ელჩი საქართველოში ისეთი გულახდილი იყო ჩემთან საუბარში და ისე აღშფოთებით საუბრობდნენ იმაზე, რაც ხდებოდა საქართველოში და ყველაზე მკაცრი ოპოზიციონერი, თუნდაც იგივე კოკა გუნცაძე იმაზე მეტს ვერ და არ იტყოდა. არცერთ მათ [ელჩების] საჯარო განცხადებებში ეს ასახული არ ყოფილა. როცა მე ვეკითხებოდი, რომ რატომ ხდება ისე რომ ჩემთან სხვას საუბრობდნენ და საჯაროდ სხვა რამეს, ამბობდნენ, რომ ეს მათი ქვეყნების პოლიტიკა იყო და ამას ვერ გადაუხვევდნენ.

ერთადერთი ქვეყნის ელჩი, რომელიც მსგავსად არ გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. ელჩები იცვლებოდნენ, თუმცა პოზიცია იყო ერთი და იგივე. ისინი მხარს უჭერდნენ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას.

განსაკუთრებით კარგად მახსოვს ვატიკანის ელჩი, საოცარი კაცი, გვარი არ მახსოვს სამწუხაროდ, უაღრესი კრიტიკულობით გამოირჩეოდა პირად საუბრებში, თუმცა საჯაროდ ისიც დუმდა. 7 ნოემბერი იყო ისეთი კულმინაცია სააკაშვილის რეჟიმის, როდესაც აიძულეს სააკაშვილი რომ დაეტოვებინა თანამდებობა, რადგან ამაზე თვალის დახუჭვა უკვე შეუძლებელი იყო. კულმინაცია იყო სწორედ „იმედში“ შემოჭრა და ის სისასტიკე, რაც მათ გამოიჩინეს, მითუმეტეს „იმედს“ მაშინ უკვე ჰყავდა უცხოელი მფლობელი. თუმცა სააკაშვილი მოვიდა აბსოლუტურად გაყალბებული არჩევნებით და დათვლა არ აცადეს ბიულეტენების ისე მიულოცა მსოფლიოს ყველა ლიდერმა“, - აღნიშნა სუბარმა.