არ დამავიწყდება ერთი მთავარი დეტალი - მიბჯენილი ლულა შუბლზე შენი სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, რომელიც გეუბნება, რომ შენ უნდა გაჩუმდე, - განაცხადა „იმედის“ წამყვანმა ლევან ჯავახიშვილმა „იმედი LIVE“-ში, როდესაც 17 წლის წინანდელი „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრა გაიხსენა.
„17 წლის წინ თითქოს გუშინ იყო და ჭრილობა, რომელიც მართლა არასდროს შეხორცდება. როდესაც ყურში [საეთეროდან] მითხრეს, რომ თქვი, რომ „იმედში“ სპეცრაზმი შემოიჭრაო, მეგონა ხუმრობდნენ. მერე იყო საშინელი წუთები და წამები, როდესაც ეს ყველაფერი გახდა რეალობა. გადაცემაში ვყვებოდით იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, რომლებიც აქციის დროს დაშავდნენ და ამ დროს შემოვიდა იმ რეჟიმის „ზონდერ ჯგუფები“, შეიარაღებული პირები. როდესაც ტელევიზიაში შედიხარ ავტომატით და ე.წ. მუხით, რომელიც ტანკსაწინააღმდეგოა, ტყვიამფრქვევით, ეს არ არის ადეკვატური საქციელი და გადაწყვეტილება. პირადად ჩემთვის ეს იყო საკუთარი თვალით ნანახი კადრები, რომელიც აქამდე მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი. არ დამავიწყდება ერთი მთავარი დეტალი - მიბჯენილი ლულა შუბლზე შენი სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, რომელიც გეუბნება, რომ შენ უნდა გაჩუმდე“, - აღნიშნა ლევან ჯავახიშვილმა.
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა.