უწყებათაშორისი კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და სახელმწიფო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს .
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების“ უწყებათაშორისი კომისიის წევრის, თამარ კინწურაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების შენობებში მმართველი პარტიის სააგიტაციო პლაკატებისა და საარჩევნო ნომრის განთავსების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
კომისიაში აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედებები ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო აგიტაციის მიზნით გამოყენებას წარმოადგენს, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა და 2 000 ლარის ოდენობის ფინანსურ სანქციას ითვალისწინებს.
„ამ ტიპის კანონდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალთალდარღვევათა ოქმის შედგენა ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენციას წარმოადგენს. უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციით მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და სახელმწიფო დაწესებულებებს დროულად მოახდინონ თავიანთი თანამშრომლების ინფორმირება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო დაწესებულებების ოფისებში პარტიული სიმბოლიკის განთავსება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს, ასევე პრაქტიკულად შეამოწმონ აქვთ თუ არა მათ დაქვემდებარებულ უწყებებში ადგილი ასეთ ფაქტებს და კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მსგავსი პრაქტიკა აღკვეთონ“, - ნათქვამია უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციაში.