კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე ორგანიზაციები სახელმწიფო უწყებებსა და პოლიტიკურ პარტიებს წინადადებებს სთავაზობენ, რომელსაც განცხადების სახით ავრცელებენ.
განცხადების თანახმად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები გამოთქვამენ მზადყოფნას, შეთანხმდნენ კამპანია „ეს შენ გეხება“-ს მიერ შემუშავებულ პოლიტიკურ პარტიათა ქცევის წესებზე , რაც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესების მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში წარმართვისთვის.
„ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლების განცხადებით, მმართველი პარტია გამოხატავს მზადყოფნას, გაიზიაროს მათ მიერ შემუშავებული ქცევის წესები იმ პირობით, თუ მას რამდენიმე საკითხი დაემატება. ასევე მასში ნათქვამია, რომ ძირითადი ოპოზიციური სპექტრი თავის მხრივ, მზად არის გაიზიაროს მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული ტექსტი იმ პირობით, თუკი, ქცევის წესებში სრულად იქნება ასახული კამპანიის ფარგლებში მომზადებული წინადადებები.
„ვინაიდან, არსებითი მზაობა ძირითადი პოლიტიკური აქტორების მხრიდან არსებობს, ხოლო შეთანხმების ხელმოწერა ვერ ხერხდება ფორმალურ მხარეზე შეუთანხმებლობის გამო, საჭიროდ მიგვაჩნია ჩვენს მიერ შემუშავებულ ტექსტში ავსახოთ დამატებითი პუნქტები და შევთავაზოთ მხარეებს ხელმოსაწერად. აქვე, არ გამოვრიცხავთ, რომ მხარეების სურვილით ტექსტმა განიცადოს გარკვეული მოდიფიცირება და შეტანილ იქნას ცვლილებები, თუმცა,მნიშვნელოვანია, საბოლოო შეთანხმების მიღწევის პროცესი დაიწყოს დაუყოვნებლივ“, - აღნიშნულია „ეს შენ გეხებას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღესვე, კამპანიის ფარგლებში დეკლარაცია გამოიცა, სადაც ხელისმომწერები აღიარებენ, თავისუფალი, სამართლიანი, თანაბარი და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების გადამწყვეტ მნიშვნელობას 2012 წლის პირველ ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობისა და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისათვის.
დეკლარაციის თანახმად, შეთანხმებაზე ხელმომწერმა პარტიებმა არ უნდა დაუშვან საკუთარ მომხრეთა მხრიდან აგრესიული და დესტრუქციული ქმედებების განხორციელება ან წახალისება. ამავე დროს, პარტიებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი აქტივისტების მხრიდან კამპანიის წარმართვა პოლიტიკური ეთიკის ფარგლებში და ამ წესის დამრღვევთა მიმართ შესაბამისი ზომები გაატარონ.
უარი თქვან, საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციების ხელის შეშლაზე, მათ შორის, საკუთარი აქტივისტების მობილიზაციითა და პარალელური აქციების დაგეგმვით; აგრესიაზე ამომრჩეველთან შეხვედრისა და კომუნიკაციისას; ძალადობისკენ მოწოდებაზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე განსაკუთრებით უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებზე;
უზრუნველყონ საზოგადოების და შესაბამისი სამსახურების წინასწარი ინფორმირება მათ მიერ დაგეგმილი პარტიული ღონისძიებების თაობაზე და არ დაუშვან სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევა და მათი დისკრედიტაცია.
შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო უწყებებმა მხოლოდ და მხოლოდ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით უნდა იმოქმედონ. ასევე უზრუნველყონ სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მიმართ თანაბარი და სამართლიანი მიდგომა.
შეთანხმებაში გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების ისე განხორციელება უნდა უზრუნველყოს, რომ ცალკეული პოლიტიკური პარტიების ფინანსურ საქმიანობა დისკრიმინაციულად არ შეიზღუდოს.
ბოლოს, ისინი, საჯაროდ აცხადებენ, რომ აღიარებენ ზემოჩამოთვლილი პირობებით ჩატარებული, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგებს.