სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფლებში თამარაშენში, ქურთაში, კეხვში, აჩაბეთში და სხვა ქართულ სოფლებში, დარჩენილი სახლების დაინგრევა და მათ ადგილას სამრეწველო და სოფლის მეურნეობის ობიექტები განთავსდება. დე ფაქტო მთავრობა სოფლებისთვის არც ძველი სახელების შენარჩუნებას აპირებს.
ოფიციალური თბილისი ამ საკითხთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის მხარეს აკისრებს. პაატა ზაქარეიშვილი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღეს, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე, ოსები ცდილობენ რაღაც-რაღაცეების მოსწრებას, რადგან ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში, აუცილებლად დადგება ქართველთა დაბრუნების საკითხი.
თიბილოვის განცხადების შემდეგ, გამოდის, რომ ქართული სოფლები, სადაც ქართული მოსახლეობის სახლები იყო დარჩენილი, ოსების მფლობელობაში გადადის.
-ეს არის ქართველთა ეთნიკური წმენდის გაგრძელება. ახალი არაფერი არ მომხდარა, თიბილოვმა უბრალოდ დაადასტურა, რომ ისინი ქართველების დაბრუნებას იქ არ აპირებენ. თორემ ეს ქართული სოფლები, დიდიხანია პირისაგან მიწისა აღგვილია. ოსები ამ ნაბიჯებით ხელს შეუშლიან მომავალში ქართველების თავიანთ ძირძველ მიწაზე დაბრუნებას და ძალიან სამწუხაროა, რომ ოსები ეთნიკური წმენდის გაგრძელებას ხელს უწყობენ. ის, რომ თიბილოვმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში გაფორმდება, სისულელეა.
თიბილოვის განცხადებით, „ისინი გეგმავენ, რომ ტერიტორიები, სადაც სახლების ნანგრევებია, იურიდიულად გააფორმონ, ხვალ და ზეგ ვინმეს მათ მიმართ კითხვები რომ არ გაუჩნდეს“. როგორ მოხდება ამ ყველაფრის იურიდიულად გაფორმდება?
-ეს შეუძლებელია, ეს არის არ აღიარებული ტერიტორია, ამიტომ მათ მიერ მიღებული ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უკანონოა. ეს არის აბსოლუტურად უკანონო განცხადება.
უკავშირდება თუ არა თიბილოვის განცხადება, რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დელეგაციის სტუმრობას ცხინვალში და იყო თუ არა ეს რუსეთის ბრძანება თუ გადაწყვეტილება?
-ეს არის გარკვეულწილად რეაქცია ივანიშვილის შესაძლო გამარჯვებაზე. როგორც კი ივანიშვილი გაიმარჯვებს, დაიწყება ქართულ-ოსური ურთიერთობების გაუმჯობესება, სადაც ოსებს აღარ მოუწევთ ქართველების წინააღმდეგ საუბარი, რადგან ქართველების მხრიდან მოისპობა აგრესია და ბუნებრივია დადგება საკითხი ქართველების დაბრუნების. რადგან ქართული მხარე აღარ იქნება აგრესიული და საფრთხის შემცველი, როგორიც იყო სააკაშვილის დროს, ხელახლა დადგება საკითხი ქართველების დაბრუნებაზე. ისინი პოლიტიკას ასუფთავებენ, რათა ხელი შეეშალოს ქართველების დაბრუნებას. თუ სახლები აღარ იქნება და იქ იქნება ინფრასტრუქტურა, თუნდაც აეროპორტი, მაშინ დაბრუნების პროცესი გაიწელება , იმ ტერიტორიაზე, ბუნებრივია, ქართველები ვეღარ დაბრუნდებიან, მაგრამ შეიძლება დაბრუნდნენ სხვაგან.
ოსები ახალი ქართულ-ოსური ურთიერთობებისთვის ემზადებიან და საქმეს წინ იგდებენ. ეს არის შედეგი რუსული ოკუპაციისა და ოსების მხრიდან ქართველთა ეთნიკური წმენდისა, თუმცა ეს არის შედეგი სააკაშვილის ავანტურიზმისა და ვოლუნტარიზმისა, რომელმაც საშუალება მისცა რუსებს აგრესია საქართველოს წინააღმდეგ წამოეწყოთ. რომ არა სააკაშვილის პოლიტიკა, პუტინი ამდენს ვერ გაბედავდა.
გამოდის ისე, რომ ცხინვალს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის ეშინია?
-მათ ურჩევნიათ ბიძინა ივანიშვილი მოვიდეს ხელისუფლების სათავეში, რადგან აგრესია და საფრთხის შემცველობა აღარ იქნება, ეშინიათ იმიტომ, რომ დადგება დრო ქართველების დაბრუნების. დღეს ისინი პირობებს ქმნიან, ვიდრე ივანიშვილი მოსულა, ასწრებენ, რადგან მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკა აუცილებლად შეიცვლება, მე ამაში დარწმუნებული ვარ და ურთიერთობები სამშვიდობო რელსებზე გადავა.ოსებს გაუჭირდებათ ანტიქართული ნაბიჯების გადადგმა, რადგან აღარ იქნება სააკაშვილი და მისი აგრესიული პოლიტიკა და ქართველები აღარ გადავდგამთ ანტიოსურ ნაბიჯებს. ოსები სააკაშვილის პერიოდში ცდილობენ რაღაცის მოსწრებას, რათა მომზადებულები დახვდნენ ივანიშვილის გამარჯვებას.
ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში, ოსები დააბრუნებენ იმ ტერიტორიებს, რაც წაღებული აქვთ თუ ეს შემდგომი მოლაპარაკებების პროცესში გადავა?
-ეს ყველაფერი მოლაპარაკებების პროცესში გადავა. ოსები მიხვდებიან რომ საქართველოსთან ცხოვრება ბევრად უკეთესია, ვიდრე რუსეთთან. ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, რომელიც დაახლოებით 5-7 წელს გაგრძელდება, მაგრამ ყველა ქართველი დაინახავს, რომ პროცესი დაიძრა. თუმცა, იძულებითი აქ არაფერი იქნება, იქნება ყველაფერი ნებაყოფლობითი და ეს იქნება ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე დაფუძნებულიახალი სახელმწიფო.