საინფორმაციო სააგენტო „ინფო9“-ის და ტელეკომპანია მე-9 არხის ჟურნალისტების დევნის და მუშაობაში ხელის შეშლის გახშირებული ფაქტების გამო, არხის და სააგენტოს ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ისინი საერთაშორისო ჟურნალისტურ ორგანიზაციებს მიმართავენ დახმარებისთვის, აგრეთვე მიმართავენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, უწყებათაშორისი კომიტეტის თავმჯდომარეს და პრეზიდენტს.
ლუბა ელიაშვილის განცხადებით, მიმართვის ტექსტი დაეგზავნება ყველა საერთაშორისო ჟურნალისტურ ორგანიზაციას. „ხოლო, კამპანიას, რომელსაც საქართველოში წამოვიწყებთ ჩვენი ჟურნალისტების დასაცავად და მათი სამუშაო უფლებების დასაცავად, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კოლეგებიც შემოგვიერთდებიან“,-აცხადებს ლუბა ელიაშვილი From.ge-სთან საუბარში.
საინფორმაციო სააგენტო „ინფო9“-ის რედაქტორის მანანა ელიაშვილის განცხადებით კი, დღეს საღამოს გახდება ცნობილი, დუბლიკატი ინფოების მიერ მათი ჟურნალისტების დევნის შესახებ დამადასტურებელი ფაქტების შეკრების შემდეგ, გაგზავნილი წერილების პასუხს დაელოდებიან თუ კამპანიას დაიწყებენ.
„ჩვენ წერილები გავუგზავნეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უწყებათაშორის კომისიის თავმჯდომარეს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს და პასუხებს ველოდებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმიცხადეს, რომ იურიდიულ სამსახურს აქვს გადაცემული წერილი და არაუგვიანეს სამშაბათისა მივიღებთ პასუხს. ვნახოთ, შემხვდებიან თუ არა გიგა ბოკერია და ეკა ხერხეულიძე.
კამპანია ჩატარდება აუცილებლად, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ის უღირსობები, რასაც ჟურნალისტების მუშაობაში ხელის შეშლა ჰქვია. ჩვენ მოვაგროვებთ ინფორმაციას და დამადასტურებელ ფაქტებს იმის შესახებ, რას სჩადიან ჩვენი დუბლიკატი ინფოები ჩვენი ჟურნალისტების წინააღმდეგ და საღამომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას, დაველოდებით პრეზიდენტის, ბოკერიას ან ხერხეულიძის პასუხებს თუ სასწრაფოდ დავიწყებთ ჟურნალისტების დასაცავ კამპანიას“,-აცხადებს მანანა ელიაშვილი.