კოალიცია „ქართული ოცნება“ კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის გაწეული დახმარებისათვის არსებული კონკრეტული ციფრების გასაჯაროებას მოითხოვს. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" მუდმივად უკავშირდებიან სტიქიით დაზარალებული ადამიანები და აცხადებენ, რომ მათ თავიანთი ზარალის ადეკვატური კომპენსაცია ვერ მიიღეს.
ფანჯიკიძე აცხადებს, რომ მათი ახალგაზრდები დღესაც აკვირდებიან კახეთში მოსახლეობისთვის დარიგებული დახმარების და ზარალის თანაფარდობას და აღნიშნა, რომ ხელისუფლება იმ მოცულობით არ ეხმარება მოსახლეობას, რაც მათ სჭირდება.
„მოსახლეობის ინფორმაციით, მიღებული თანხების მაქსიმალური ოდენობა 1 500 ლარია, რაც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესაბამისი არ არის. ყველასთვის ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული 80 000 000 ლარი სწორედ მათ დასახმარებლად იყო გათვალისწინებული. თითოეულ მოსახლეს მხოლოდ ამ ფონდიდან მინიმუმ 4 700 ლარი ეკუთვნის, ამიტომ მოვითხოვთ გასაჯაროვდეს ის ციფრები, რა ოდენობის დახმარება გამოიყო კახეთის მოსახლეობისთვის ზარალის საკომპენსაციოდ, რამდენმა ათასმა ადამიანმა მიიღო დახმარება, რამდენს შეუკეთდა სახლი და რა კონკრეტული თანხები გადაეცათ", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
გარდა ამისა, კოალიცია "ქართული ოცნება" ხელისუფლებისგან მოითხოვს სწორად დაითვალოს ზარალი და მოსახლეობას მისცეს ის, რაც მას ეკუთვნის. მისი თქმით, ისინი ამას მანამ გაიმეორებენ, სანამ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ზიანის ადეკვატურ ანაზღაურება არ მოხდება.
„თუ ამ ხელისუფლების პირობებში ეს შეუძლებელი იქნება, კოალიცია "ქართული ოცნება", რომელიც პორველი ოქტომბრის არჩევნებით ხელისუფლებაში მოვა, ამას აუცლიებლად გააკეთებს", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.