კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კვირაში ერთხელ ტელეკოპანია მე-9 არხის პირდაპირ ეთერში მოსახლეობის შეკითხვებს ტელე-ხიდის მეშვეობით უპასუხებს. ამის შესახებ განცხადება კოალიცის პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.
„ჩვენ მე-9 არხისგან მივიღეთ ძალიან კარგი შემოთავაზება ტელე-ხიდთან დაკავშირებით, ტექნიკურად მინდა, გითხრათ, რომ შესაძლებელია რეგიონებში სამი სტუდიის გახსნა, სადაც მოსახლეობა იქნება შეკრებილი, ხოლო მეოთხე სტუდიას კი კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს“,-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ კოალიცია სხვადასხვა მედიასაშუალებებს მოუწოდებს, პროცესში ჩაერთონ.
„ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, აღნიშნულ პროცესში სხვადასხვა მედია-საშუალებების წარმომადგენლები ჩაერთონ. ჩვენ გთავაზობთ, რომ რეგიონული სტუდიები დაიკავონ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა, რომლებიც შეაგროვებენ მოსახლეობის შეკითხვებს და გადასცემენ კოალიციის ლიდერს“, - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
კოალიციას პირველი ტელე-ხიდის თარიღი ჯერჯერობით არ განუცხადებია.