„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ- ერთი ლიდერი, საგარეჯოს რაიონში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი, თინა ხიდაშელი სოფელ მუღალოსა და ქეშალში ამომრჩევლებს შეხვდა.
რაიონის ბაზარში გამართულ შეხვედრაზე გარკვეული ინციდეტი მოხდა, რომელიც გამგებლის დისშვილების მისვლასა და შეხვედრის ჩაშლის მცდელობას უკავშირდება. ამის შესახებ ხიდაშელმა From.ge სთან საუბარში განაცხადა.
მისი განმარტებით, მას და მისი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს დილიდან დაჰყვებოდა „თვითმარქვია" სააგენტო „ინფო 9"-ს ჟურნალისტი და ოპერატორი. ხიდაშელი აცხადებს, რომ ამ პირებმა „ინფო 9“ -ის კამერებზე მიიტანეს იერიში, რომელიც სინამდვილეში „ხელისუფლების მიერ შექმნილი სუროგატი სააგენტო“ აღმოჩნდა.
„როგორც ჩანს ამის შესახებ თავდამსხმელები გაფრთხილებული არ ყავდათ, ამიტომ მათ ნამდვილი ეგონათ ჟურნალისტები და მათზე ფიზიკური იერიში მიიტანეს. აქტივისტების, ზონდერების, გამგეობის თანამშრომლებისა და მათი ნათესავების მხრიდან როგორც ნამდვილი, ასევე „თვითმარქვია“ჟურნალისტებისადმი მსგავსი საფრთხეები ისევ არსებობს. ისინი ვერც სამომავლოდ ვერ გააკეთებენ ამ განსხვავებას და საკუთარი მომხრეები შემოელახებათ ხოლმე. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია“, - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ინციდეტი 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, შემდეგ კი შეხვედრები ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი ინციდენტების მომრავლების ფაქტი ხელისუფლების შიშს უკავშირდება. ხიდაშელი აცხადებს, რომ სააკაშვილი სწორედ ასეთი აგრესიით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას.
„ასეთ აგრესიებს ხელისუფლების უცილობელი დაკარგვის განცდა იწვევს. ზუსტად იციან, რომ ფინიშთან არიან და ცდილობენ ჩაებღაუჭონ დაკარგულ ძალაუფლებას, მაგრამ ეს მათ ვერ უშველით, იმიტომ რომ ხალხი გვხვდება ძალიან კეთილგანწყობილი. ძალადობით კი ასეთ კეთილგანწყობას ვერ დათრგუნავენ“, - დასძინა მან.