იმ გაჭირვებისა და ოკუპირებული ტერიტორიების ფონზე, რომელიც ქვეყანაშია, საქართველოში ოქროს ეპოქა მაინც იწყება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალციხის რაბათის ციხეში, შარლ აზნავურის კონცერტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ შეინიშნება მნგრეველების ბრიგადა, თუმცა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ჯერ კიდევ შეინიშნება „მშენებელებისა და აღმშენებელების, ამ ოქროს ეპოქის თავისი ხელით შემქმნელების“ ძალიან დიდი კლასი.
"ჯერ სიღნაღიდან დაიწყო, მერე ბათუმი, ახლა როგორც კეთდება თელავი, როგორც კეთდება სვანეთი, როგორც გაკეთდა ახალციხე, რომელიც არის მსოფლიო დონის წარმოუდგენელი მიღწევა, როგორც გაკეთდება ლაზიკა, როგორც კეთდება ქუთაისი, როგორც კეთდება თბილისის ცენტრი ისე, როგორც არასდროს მის ისტორიაში, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, ეს არის ოქროს ეპოქა საქართველოში და ამას აუცილებელად დაემატება სოხუმი. 30 წელზე მეტი დასჭირდა დავით აღმაშენებელს, ვიდრე თბილისი მან აიღო. ჩვენთვის დრო არის გამოსაყენებელი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ვაშენოთ, გავძლიერდეთ, რეფორმები ჩავატაროთ, არ დავიხიოთ უკან, არ წამოვეგოთ ინტრიგანებს, ვიაროთ წინ და არა უკან და საბოლოო ჯამში ყველაფერს დავიბრუნებთ", - განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რაბათის აშენება არ არის მისი, ან პრემიერის, ან მთავრობის დამსახურება, არამედ ეს ხალხმა ააშენა და აღნიშნა, რომ ამის გაკეთება მათ 9 თვის განმავლობაში წარმოუდგენელ პირობებში შეძლეს.
„აქ ძალიან ცივი ზამთარი, მინუს 20 გრადუსი ყინვა იყო. ძალიან რთულ პირობებში ღამე არ გაჩერებულან, ისე მუშაობდნენ. ეს შეუძლიათ ქართველებს“, - დასძინა მან.