ნაციონალური მოძრაობა სამთავრობო პროგრამას საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებებისთვის იყენებს. სამთავრობო პროგრამა, რომელიც ვანო მერაბიშვილმა პარლამენტში პრემიერად დამტკიცების დროს წარადგინა, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის ნაწილი გახდა.
წინასაარჩევნოდ საკმაოდ კარგად ჟღერს, რომ თითოეულ ოჯახს 1000–ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა. ამ 1000 ლარიანი ვაუჩერის დაპირებით ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი მაჟორიტარი კანდიდატის ბანერები უკვე აჭრელდა. არადა, 1000–ლარიანი ვაუჩერი თითიეულ ოჯახს თუ გადაეცემა ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაეცემა და ამ ვაუჩერთან პარტია– ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არაფერ შუაშია.
კანონით, ბიუჯეტიდან რაღაც პროგრამის დაფინანსება მოსახლეობის მოსყიდვად არ ითვლება, მაგრამ როდესაც ერთი პარტია წინასაარჩევნოდ საბიუჯეტო სახსრებზე აპელირებს, აქ აშკარად არათანაბარ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე.
ამ დღეებში, მარშუტკებზე უკვე გაჩნდა მმართველი გუნდის თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების პლაკატები, სადაც კანდიდატის სურათის ქვემოთ 1000–ლარიანი ვაუჩერის დაპირებაა.
ამ მხრივ, განსაკუთრებით ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატის ანდრო ალავიძის მხარდამჭერებმა გამოიჩინეს თავი. 90 ნომერ მარშუტკაზე ნაციონალური მოძრაობის ჩუღურეთის მაჟორიტარობის კადიდატის ანდრო ალავიძის გამოსახულებით პლაკატები გააკრეს, სადაც 1000–ლარიან ვაუჩერის შესახებ დაპირებებია.
გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა კი ფეისბუკზე საკუთარი მხარდამჭერთა ჯგუფი შექმნა, სადაც სხვა ცნობილ დაპირებებთან ერთად 1000–ლარიანი ვაუჩერიც არის მითითებული.
მსგავსი ბანერებითა და პლაკატებით, ალბათ, ნაციონალური მოძრაობის სხვა მაჟორიტარობის კანდიდატებიც გამოიჩენენ თავს და უფრო „მეტი სარგებლის მოტანის“ მიზნით იაფ ჯანდაცვასთან, დასაქმებასთან და ძლიერ სოფელთან ერთად 1000–ლარიან ვაუჩერზე განსაკუთრეებით გაამახვილებენ ყურადღებას.