"ლაზიკა მაქვს ასაშენებელი, როგორც შეიძლება ომი გვინდოდეს?“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ახალციხეში, რაბათის ციხის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, მისი მთავრობა ომზე კი არა, მშენებლობაზეა ორიენტირებული.
„ჩემი მოწინააღმდეგები ამბობენ, ომი ამათ დაიწყესო. შემომხედეთ მე, ვანოს, შეიძლება ჩვენ გვინდოდეს ომი და ნგრევა, ხალხნო? ჩვენთვის არის ყველაფერი შენება. ჩვენთვის არის ყველაფერი ახალი ქალაქები. ლაზიკა მაქვს ასაშენებელი, როგორც შეიძლება ომი გვინდოდეს?“ - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მრავალრიცხოვანი მტერი ყავდა და ყავს, „მაგრამ ქართველი არასდროს დაიხევს უკან და არ შეეგუება იმას, რომ ვიღაცის ფეხქვეშ იყოს გადებული“.
„ასეთი წარსულის მქონე ერს, რომელმაც ასეთი კულტურა შექმნა, არ შეიძლება დიდი მომავალი არ ჰქონდეს და ამ მომავალს დღეს ყველანი ერთად ვაშენებთ. ახალგაზრდებს უნდა გადმოგცეთ ესტაფეტა და არა წარსულის მუმიფიცირებულ მოღვაწეებს, ვისაც უნდათ ყველაფერი დანგრევა, ყველაფერი აშენებულის მოსპობა", - დასძინა პრეზიდენტმა.
რაბათის გახსნის საზეიმო ცერემონია გუშინ საღამოს გაიმართა. საზეიმო ღონისძიებები ფრანგი მომღერლის, წარმოშობით ახალციხელი ეთნიკური სომეხის შარლ აზნავურის კონცერტით და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.