ბაგრატის ტაძრის გუმბათზე ჯვრის აღმართვისა და ჯვრის კურთხევის ცერემონია დღეს გაიმართება.
კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ 300 კილოგრამის, 2 მეტრისა და 14 სმ-ის ბრინჯაოს ჯვარი არქიტექტორ-რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის ნახაზით დამუშავდა და შეიქმნა.
მათივე ცნობით, ცერემონიას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი დაესწრებიან.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ქუთაისის მთელ ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 17 აგვისტო ერთჯერადად დასვენების დღედ გამოაცხადა.
ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია პრეზიდენტის ინიციატივით 2009 წელს დაიწყო. უკვე დასრულებულია გუმბათის აღდგენა და ამჟამად ტაძრის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება.