საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ბიძინა ივანიშვილისა და კახი კალაძის დაჯარიმების ფაქტს უკანონოდ მიიჩნევს , - ამის შესახებ საიამ განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის თუ პოლიტიკოსის მხრიდან კანონის დარღვევა თანაბრად მიუღებელია და მოითხოვს დამრღვევების მიმართ სათანადო ზომების გამოყენებას.
განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 10 აგვისტოსა და 11 აგვისტოს გადაწყვეტილებები პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერების - ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის დაჯარიმებისა და კახა კალაძის უძრავ-მოძრავი ქონებასა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული ყადაღის დადასტურებასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კახა კალაძისათვის დაკისრებულმა ჯარიმამ 16 944 960 ლარი, ხოლო ბიძინა ივანიშვილისათვის დაკისრებულმა ჯარიმამ 20 243 827,5 ლარი შეადგინა.
აღნიშნული საქმეების ანალიზისას განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილებების შეფასება. იმ პირობებში როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აქტები დასაბუთებულობის ხარისხით არ გამოირჩევა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სასამართლომ შეასრულოს ბალანსისა და უფლებების დაცვის გარანტის ფუნქცია და უზრუნველყოს საქმის სამართლიანი და მიუკერძოებელი განხილვა. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლოს გადაწყვეტილებები გამოირჩევა საჯარო დაწესებულების მიმართ ლოიალობით და ვერ ქმნის საქმის სამართლიანად განხილვის სურათს. აღნიშნულს კიდევ ერთხელ ადასტურებს კალაძისა და ივანიშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებებიც. სამწუხაროდ, ამგვარი პრეცედენტები მთლიანად სასამართლო ხელისუფლების რეპუტაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას არაერთხელ აღუნიშნავს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე მიმდინარე სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას გამოვლენილი მრავლობითი ხარვეზები. მათ შორისაა: სასამართლოების მიერ საქმის განხილვის არაგონივრული ვადის - 48 საათის გამოყენება, დაცვის მხარის სათანადოდ მომზადების შეუძლებლობა, გასაჩივრებისათვის მცირე ვადის არსებობა, რაც გამორიცხავს გასაჩივრებამდე სასამართლოს სხდომის ოქმისა და გასასაჩივრებელი გადაწყვეტილების გაცნობასაც კი. კალაძისა და ივანიშვილის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებში აღნიშნულ პრობლემებთან ერთად მთელი სიმწვავით დგას სასამართლო გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობის პრობლემა.
გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა და მტკიცებულებების არარსებობა
მოცემულ გადაწყვეტილებებში სასამართლო ვერ უთითებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დასადგენად მნიშვნელოვან ვერც ერთ გარემოებასა და მის დამადასტურებელ მტკიცებულებას. სასამართლოს გადაწყვეტილებებში საერთოდ არ არის აღნიშნული:
კონკრეტულად რა სახის უკანონო შემოწირულება განხორციელდა (ფულადი სახსრების გადაცემა, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობის გაცემა თუ მომსახურების გაწევა);
კონკრეტულად რაში გამოიხატა პარტიის სასარგებლოდ უკანონო შემიწირულების განხორციელება;
რომელმა პარტიამ/პარტიასთან გათანაბრებულმა პირმა (261 მუხლით გათვალისწინებული პირი) მიიღო აღნიშნული შემოწირულება და რა ოდენობით;
პარტიის/პარტიასთან გათანაბრებული პირის (261) რომელმა წარმომადგენელმა მიიღო აღნიშნული შემოწირულება;
ხომ არ განხორციელდა შემოწირულება ვინმეს მეშვეობით და კონკრეტულად რომელი პირები იყვნენ ჩართული აღნიშნულ ქმედებაში.
არც ერთ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებაში პასუხი მოცემული არ არის. უფრო მეტიც, ეს კითხვები დასმულიც კი არ არის, რაც სასამართლოს მსჯელობას ძალიან ილუზორულს, საქმისაგან მოწყვეტილსა და უსაფუძვლოს ხდის.
კალაძის წინააღმდეგ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლის განმარტება, რომლის მიხედვითაც არსებობს "საკმარისი ვარაუდი" იმისა, რომ კახა კალაძის მიერ ნაღდი ფულის სახით გატანილი თანხა "გამოყენებული იქნება" პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისათვის. აღნიშნულ განმარტებაში საყურადღებოა როგორც ვარაუდის არსებობის საკითხი, ასევე მომავალზე მითითება. თუმცა, სასამართლოს სამართლებრივ შეფასებაში უკვე არსად ჩანს წარსულში განხორციელებულ შემოწირულებაზე მსჯელობს თუ მომავალში განსახორციელებელზე. კონკრეტიკისა და მტკიცებულებების არარსებობა შეუძლებელს ხდის გადაწყვეტილებიდან ამ კითხვაზე პასუხის მიღებასაც კი. აღსანიშნავია, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს კანონი არ იცნობს პასუხისმგებლობას მომავალში უკანონო შემოწირულების განხორციელების საფუძვლით. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა იმ სტანდარტით, რომლის მიხედვითაც ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება, უნდა გადაწყდეს პასუხისგებაში მიცემული პირის სასარგებლოდ.
ამის საპირისპიროდ, თავად სასამართლო გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ კალაძის მიერ ნაღდი სახით გამოტანილი თანხის ნაწილის ხარჯვა იყო გაუკვეველი. გადაწყვეტილებაში მრავალგან ვკითხულობთ:
• "გაურკვეველია 3 565 687 ლარის ხარჯვის მიზნობრიობა..."
• "არაიდენტიფიცირებულია 2 253 892 ლარის ხარჯვის მიზნობრიობა, რადგა გატანილია ნაღდი ფულის სახით დანიშნულების მითითების გარეშე..."
• "კახა კალაძის მინდობილ პირს კარლო კალაძეს ნაღდი ფულის სახით გატანილი აქვს 450 000 აშშ დოლარი, ხოლო კახა კალაძეს 157000 აშშ დოლარი, რომელთა ხარჯვის მიზნობრიობა გაურკვეველია. ასევე გაურკვეველია 163000 აშშ დოლარის ბედი, რადგან 4 მაისს კახა კალაძემ ეს თანხა დააკონვერტირა ლარში."
• "შესაბამისად, კახა კალაძემ სს "ბანკი ქართუდან" და სს "პროგრეს ბანკიდან 2012 წლის განმავლობაში გაურკვეველი დანიშნულებით ნაღდი ფულის სახით გაიტანა 3 388 992 ლარი."
ამის პარალელურად სასამართლო აღნიშნავს, რომ განაღდებული თანხის მიუხედავად კახი კალაძეს დღემდე ერიცხება სხვადასხვა დავალიანება, რის შემდეგაც პირდაპირ ასკვნის: "აღნიშნული კი თავისთავად ქმნის ... [უკანონო შემოწირულების] ... სამართალდარღვევის შემადგენლობას: ფიზიკური... პირის მიერ პარტიის ან ამ კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის სასარგებლოდ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის განხორციელება..." აღნიშნული ორი გარემოება არც ერთ შემთხვევაში არ ადასტურებს უკანონო შემოწირულების განხორციელების ფაქტს, რის გამოც გადაწყვეტილება არის სრულიად დაუსაბუთებელი.
ივანიშვილის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში სასამართლო მსჯელობს, რომ "დადასტურებულია ადმინისტრაციულ პასუხისმგებაში მიცემული პირს მიერ საბანკო ანგარშებიდან ნაღდი ფულის სახით გატანილი თანხის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენების ფაქტი და აღნიშნულის გამაბათილებელი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი." რეალურად, არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება სადავო თანხის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენების ფაქტი. უფრო მეტიც, სასამართლომ საერთოდ არ მიიღო მხედველობაში დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადასტურების შესახებ 2012 წლის 27 ივლისის სანოტარო აქტი, რომლის თანახმად, ეკატერინა ხვედელიძის საცხოვრებელ სახლში ნაღდი სახით ინახება 700 000 ლარი და 2 900 000 აშშ დოლარი. სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულება არ გაიზიარა იმ გარემოების გამო, რომ "მითითებული თანხა აღემატება 2012 წლის განმავლობაში სს "ბანკი ქართუში" საბანკო ანგარიშიდან გამოტანილი თანხის ოდენობას". მიგვაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა სრულიად ალოგიკურია.
ბუნდოვანი საკითხები
დაუსაბუთებელი მსჯელობები, რომელიც არავითარ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობილი არ არის, გადაწყვეტილებაში მრავლადაა მოცემული. აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე გადაწყვეტილება შეიცავს ცალკეულ ბუნდოვან ჩანაწერებს. გაურკვეველია, ამ შემთხვევებში სასამართლო ივანიშვილისა და კალაძის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს, რითაც სცდება დავის საგანს და უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს, თუ უბრალოდ ვერ მიჯნავს ამომრჩევლის მოსყიდვას უკანონო შემოწირულებისგან. ეს ჩანაწერებია:
• "სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეულ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოიხატა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევაში. კერძოდ, კახა კალაძე, როგორც კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" და აღნიშნულ პოლიტიკურ კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან დკავშირებული პირი, მიზნად ისახავდა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ფულადი სახსრებით დახმარებას, პარტიისათვის მომსახურების მიწოდებას, ქმედებას - საქართველოს მოქალაქეთათვის მატერიალურ ფასეულობათა გადაცემისა და მომსახურების მიწოდებაში, რაც წარმოადგენს ამ პარტიის სასარგებლოდ განხორციელებულ აკრძალულ ქმედებას".
• "სასამართლო მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის მატერიალურ შესაძლებლობების იყენებს საქართველოს მოქალაქე ამომრჩეველთა დასაინტერესებლად მითითებული პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ და მათი საარჩევნო მიზნების რეალიზებისათვის."
უკანონობა გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში
კალაძის საქმეში ასევე საყურადღებოა მისთვის დაკისრებული ჯარიმის აღსრულების პროცესი. კანონის დარღვევას წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კახი კალაძესთან მიმართებაში იძულებითი აღსრულების დაწყება იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულებისთვის კანონის საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილებით მიცემული ვადა არ არის გასული. კერძოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად ჯარიმის დაკისრების თაობაზე დადგენილება იძულებით აღსრულდება სამართალდამრღვევის მიერ განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში (291.1 მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად განსაზღვრული 7 დღიანი ვადის გასვლამდე არ უნდა დაწყებულიყო სააღსრულებო წარმოება. ასევე დაუსაბუთებელია აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტება, რომ ,,დაიწყო აღსრულების პროცესი, თუმცა არა იძულებითი, რადგან კალაძეს ჩაბარდა სააღსრულებო შეტყობინება და მისი ჩაბარებიდან განესაზღვრა ჯარიმის გადასახდელად 7-დღიანი ვადა, . . . იძულებითი აღსრულება აღნიშნული 7-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დაიწყება." სააღსრულებო წარმოება თავისთავად ატარებს იძულებით ხასიათს. რაც შეეხება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილ 7 დღიან ვადას, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ის განესაზღვრება პირს მას შემდეგ, რაც ამოიწურება სასამართლოს მიერ განსაზღვრული 7 დღიანი ვადა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების ნებაყოფლობითი შესრულების შემთხვევაშიც კი მოვალეს აღსრულების საფასურის სახით დამატებით ეკისრება დაკისრებული თანხის 7%-ს გადახდის ვალდებულება. თუკი, კალაძე ჯარიმას გადაიხდიდა სასამართლოს მიერ მიცემული ვადის ამოწურვამდე, მას დამატებით რაიმე თანხის გადახდის ვალდებულება არ ექნებოდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს უკანონო ქმედებით კალაძეს ადგება, როგორც მატერიალური ზიანი, ასევე უმცირდება თანხის ნებაყოფლობით გადასახდელად კანონით განსაზღვრული ვადა, რაც მინიმუმ 14 დღეს შეადგენდა (სასამართლოს მიერ განსაზღვრული 7 დღის ვადა + აღსულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრული 7 დღის ვადა).
დასკვნის სახით, სასამართლო გადაწყვეტილებების შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, საიას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ამა წლის 10 და 11 აგვისტოს გამოტანილი დადგენილებები უხეშად არღვევენ ბიძინა ივანიშვილისა და კახი კალაძის უფლებას სამართლიან სასამართლოზე, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული უფლებაა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებების გასაჩივრების მიუხედავად, გუშინ, 14 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ორივე მათგანი ძალაში დატოვა.
კვლავაც ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის თუ პოლიტიკოსის მხრიდან კანონის დარღვევა თანაბრად მიუღებელია და მოითხოვს დამრღვევების მიმართ სათანადო ზომების გამოყენებას. უკლებლივ ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობა კანონის ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული, ხოლო კანონის დარღვევა არ უნდა წახალისდეს. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, თავად პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის პრცესი და სახელმწიფო სტრუქტურათა საქმიანობა უნდა ექცეოდეს კანონის ფარგლებში და ხორციელდებოდეს სამართლიანობის პრინციპის სრული დაცვით, წინაარმდეგ შემთხვევაში აღნშნულმა პროცესმა შესაძლოა იქონიოს გამოუსწორებლი შედეგები საარჩევნო მოვლენებზე", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.