"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე და პარტიის ხელვაჩაურის მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ ქიძინიძე სოფელ ჭარნალში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.
პარტიის ლიდერები სოფელში არსებულ ვითარებას გაეცნენ და ადგილობრივებს პარტიის საარჩევნო პროგრამის "შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად" პრიორიტეტები გააცნეს.
პარტიის ლიდერის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროგრამის ყველა მიმართულების გაცნობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათთვის ყველა მათგანი პრიორიტეტულია.
„ჩვენი პროგრამის ის ნაწილი, სადაც სოფლის აღორძინებაზე, გლეხის დახმარებაზე საწვავით, ტრაქტორით, სასუქით, საოჯახო მეურნეობის განვითარებისთვის იაფი კრედიტების გამოყოფაზეა საუბარი მათთვის მისაღებია. მაგრამ განსაკუთრებით აქტუალური ჭარნალელებისთვის განათლებაა, რადგან იმ უამრავ მოზარდს, რომელიც ამ სოფელში ცხოვრობს განათლების მიღების საშუალება არ აქვს, საქმე ის არის, რომ ჭარნალის სკოლა დანგრეულია და აქაურ ბავშვებს გაპარტახებულ სკოლაში უწევთ სიარული. ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს განათლებაზე თანხის გაორმაგებას - ბიუჯეტიდან დღევანდელი 2,2%-ის ნაცვლად 5%-ის გამოყოფას, რაც მიგვაახლოვებს მსოფლიოს სტანდარტებს. აი, მაშინ კი ექნებათ ჭარნალელებს კარგი სკოლა, სადაც ხარისხიან განათლებას მიიღებენ და პროფესიის მიღებასაც შესძლებენ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში. პედაგოგებს კი მაღალი ხელფასი ექნებათ," - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ქიძინიძემ ჭარნალელებს თანადგომა აღუთქვა და დაპირდა, რომ მათი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს.
შეხვედრას "ახალი მემარჯვენეების" ლიდერები მანანა ნაჭყებია და ლევან კალანდაძეც ესწრებოდნენ