„კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში ადამიანური ცხოვრება დაიწყება“, - ამის შესახებ კოალიციის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნუკრი ქანთარიამ დღეს For.ge -ს პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ადამიანურ ცხოვრებაში იგულისხმება დასაქმების, განათლების, სამედიცინო და სხვა პრობლემების მოგვარება.
ქანთარია აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ ბუნებრივია, ყველა იმ პრობლემის მოგვარებით გამოდის, რომელიც ადამიანებს აწუხებთ და „არა მთვარეზე ადამიანის გაშვების პროგრამით“, მაგრამ ამ შემთხვევაში, მისი განმარტებით, გასათვალისწინებელია წინა არჩევნებზე ვინ რას პირდებოდა საზოგადოებას და მათგან რამდენი დაპირება შესრულდა.
„ჩვენ საზოგადოებას არ ვპირდებით იმას, რომ თაფლისა და რძის შადრევნები და მდინარეები წამოვა 2-3 დღის შემდეგ. მაგრამ ადამიანები იგრძნობენ რომ პერსპექტივა გაუჩნდათ. ერთ მხარეს დგას პარტიები, რომლებიც ხალხს წინასაარჩევნოდ არსებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა და არ შეასრულა, მეორე მხარეს კი „ქართული ოცნება“, რომელსაც არაერთი საქმე აქვს გაკეთებული და კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. აქედანაც კარგად ჩანს ვინ იმსახურებს მხარდაჭერას“, - განაცხადა ქანთარიამ.