კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში განაცხადი შეიტანა. ამის შესახებ განცხადებას ივანიშვილის პრესსადივნო ავრცელებს. From.ge აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„2012 წლის 15 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილმა მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო განაცხადი შეიტანა.
საარბიტრაჟო განაცხადის შეტანას წინ უსწრებდა 2012 წლის 31 ივლისს საქართველოს პრეზიდენტისათვის და იუსტიციის მინისტრისათვის უკანასკნელი შეტყობინების ჩაბარება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მთავრობას მისცა 14 დღის ვადა, რათა სახელმწიფოს ეღიარებინა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკურად მოტივირებული უკანონო ქმედებანი და შედგომოდა მოლაპარაკებას მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
შეტყობინებით განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2012 წლის 14 აგვისტოს.
აღნიშნულ შეტყობინებას სახელმწიფოს მხრიდან პასუხად მოჰყვა ის, რომ სახელმწიფომ დაიქირავა იურიდიული ფირმა „Dechert LLP“, რომლის მეშვეობითაც 2012 წლის 13 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ მრჩევლებს ეცნობა ის, რომ სახელმწიფოსათვის მიცემული 14 დღის ვადა არ იყო გონივრული და რომ ისინი შეტყობინებაზე პასუხს გასცემენ მას შემდეგ, როდესაც შეტყობინებაში დასმულ საკითხებს თავის კლიენტთან (საქართველოს მთავრობასთან) განიხილავენ. თავიანთ წერილში სახელმწიფოს სამართლებრივი მრჩევლები იტოვებენ უფლებას სადაო გახადონ საარბიტრაჟო ტრიბუნალის იურისდიქცია.
ვინაიდან, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, 14 დღიანი ვადა უშედეგოდ იქნა ამოწურული, ამიტომ ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივმა მრჩევლებმა - Skadden, Arps, Slate, Meagher & Flom (UK) LLP - 2012 წლის 15 აგვისტოს ოფიციალური საარბიტრაჟო განაცხადით მიმართეს მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრის (ICSID) სამდივნოს და მოითხოვეს განაცხადის რეგისტრაცია.
განაცხადის რეგისტრაციას შემდეგ მოხდება საარბიტრაჟო ტრიბუნალის ჩამოყალიბება, რომელიც განიხილავს დავას ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობას შორის“,- ნათქვამია პრესსამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.