ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორი, ჯონი ნანეტაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლი ჩიქოვანს , სახალხო დამცველს, ამერიკის საელჩოს, ორგანიაზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობას", "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის", არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ უცხოურ ორგანიზაციებს წერილით მიმართავს. From.ge ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„იმის გამო, რომ რამდენჯერაც "თრიალეთმა" გაცნობათ ტელეკომპანია "დიას" სიხშირეების ულიცენზიოდ გამოყენებაზე, თუ სხვა უკანონო ქმედებაზე, იმდენჯერ, კომუნიკაციების კომისიის მხრიდან მივიღეთ უკანონო დარტყმა, დაუსაბუთებელი და ცრუ ბრალდებები და დაჯარიმებები... ყოველივე ამის გამო, თავს ვიკავებდით და თვალს ვხუჭავდით ვანო მერაბიშვილის და ლადო ვარძელაშვილის მფარველობის ქვეშ მოაზრებულ ტელეკომპანია "დიას" სხვადასხვა უკანონობაზე და იმ უთანასწორო კონკურენციაზე, სადაც ტელეკომპანია "დიას" აქვს ყველაფრის უფლება, ხოლო "თრიალეთისთვის" კანონიერი საქმიანობაც შეზღუდულია, მაგრამ უკანონო ქმედებამ მიიღო ისეთი სახე, რომ ჩუმად ყოფნა შეუძლებელია.
როგორც ცნობილია, ტელეკომპანია "დიას" გადაცემული აქვს ლიცენზია B31, რაც ითვალისწინებს ქალაქ ხაშურში მეტრულ მე-11 არხზე, 10 ვატი სიმძლავრის მაუწყებლობას.
მინდა გაცნობოთ, რომ უკვე სამი თვეა, ტელეკომპანია "დიამ" გორის ტელეანძის შენობაში უკანონოდ განათავსა 500 ვატი სიმძლავრის მე-10 არხის გადამცემი და მათზე მინიჭებული მე-11 სიხშირის გარდა, ულიცენზიოდ მაუწყებლობს მე-10 მეტრულ არხზე გორის, ქარელის, კასპის და ცხინვალის რაიონებში.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საიტზე არ არის განთავსებული ინფორმაცია აღნიშნულ სიხშირეზე კონკურსის გამოცხადებაზე ან ტელეკომპანია "დიაზე" გადაცემის შესახებ. უფრო მეტიც, კომისიის 29 ივნისის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ "დიას" არ აქვს მინიჭებული აღნიშნული სიხშირე (ლინკი: http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=7070&info_id=112747 ასევე, წერილს თან ერთვის გადაწყვეტილების სურათები 4 ფურცლად). აღნიშნულს ასევე ადასტურებს კომისიის მიერ გამოქვეყნებული საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების სია.
აღნიშნული სიხშირე, მე-10 არხი, ეკუთვნოდა ტელეკომპანია "ქართლს", რომელიც რევოლუციის შემდეგ, ტელეკომპანია "იბერიასთან" ერთად წაართვეს მფლობელს და დახურეს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ რამდენიმე წელია ვითხოვთ აღნიშნულს, ან სხვა სიხშირეს, მაგრამ კომუნიკაციების კომისია გვპასუხობდა, რომ თავისუფალი მეტრული სიხშირე გორში არ არსებობდა.
გთხოვთ, მიიღოთ ზომები და აღკვეთოთ უკანონო მაუწყებლობა და ხელი შეუწყოთ თანაბარი კონკურენციის პირობებს.
გთხოვთ, წინამდებარე წერილი არ გახდეს ჩვენთვის კიდევ ერთი ზეწოლის და სამაგიეროს გადახდის მიზეზი და ამის გამო, თქვენს მიერ გამოგზავნილმა წარმომადგენლებმა "დიას" დარღვევის ნაცვლად ჩვენ არ შეგვიდგინოს კიდევ ერთი დაჯარიმების ოქმი, მოგონილ და ცრუ ბრალდებაზე“.
პატივისცემით,ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორი: ჯ. ნანეტაშვილი