ამომრჩეველთა ლიგის ინფორმაციით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ორი კატეგორიის ამომრჩეველთა გამოყენებით აპირებს. ამის შესახებ ლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით ხელისუფლება ამას უცხოეთში მყოფი პირებისა და დაუდგენელი , არარსებულ მისამართებზე მიწერილი მოქალაქეების გამოყენებით გეგმავს.
ჩიკვაიძე განმარტავს, რომ ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მათი მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლებას ამომრჩეველთა ერთიანი სია ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია.
"ამომრჩეველთა სია ამომრჩევლებისთვის კვლავ დაფარული რჩება. ინფორმაციასთან მკაცრად ლიმიტირებული წვდომა და ისიც მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით, ვერ მოიტანს იმ შედეგს, რის პროპაგანდასაც სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის საშუალებით ხელისუფლება ახდენს. საარჩევნო სიაში ყალბი მანიპულაციის საშუალებას იძლევა დაუდგენელი, არარსებულ მისამართებზე მიწერილი, უცხოეთში მყოფი და გარდაცვლილი ამომრჩევლები. ამ კატეგორიის ამომრჩეველთა იმ წესით გადამოწმების, რასაც ხელისუფლება ამომრჩეველს სთავაზობს, თეორიული შანსიც არ არსებობს", - აღნიშნა ჩიკვაიძემ.
საარჩევნო კოდექსში ბოლო ცვლილებებმა კი კიდევ უფრო შეზღუდა ვადებში ცვლილებების შეტანა იმ კატეგორიის ამომრჩევლების როგორიცაა უცხოეთში მყოფი და დაუდგენელი ამომრჩეველი. ამ კატეგორიის ამომრჩეველთა შესახებ ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა გახლავთ 1 სექტემბერი ნაცვლად 17 სექტემბრისა.
„მინდა ყურადღება მიაქციოთ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას რომელიც 235 ათასით გაიზარდა 1 აგვისტოს სახელმწიფო კომისიის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის სიის გადაცემის პროცესში“-განაცხადა
მან სახელმწიფო კომისიას მიმართა და კიდევ ერთხელ მოუწოდა, უცხოეთში მყოფი ამომრჩევლების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს, რომელიც მას სასაზღვრო პოლიციამ მიაწოდა. საზოგადოებას აინტერესებს რა ინფორმაცია აქვს სახელმწიფოს, რამდენმა მოქალაქემ გადაკვეთა საზღვარი ორივე მიმართულებით.
ჩიკვაიძე აცხადებს, რომ დღეს საარჩევნო კომისიაში "ამომრჩეველთა ლიგის" წერილი შევიდა, რომლითაც ამომრჩეველთა სიის საჯარო ნაწილის ელექტრონული ვერსია გადმოცემას მოითხოვენ.
„მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში , "ამომრჩეველთა ლიგა" მოსახლეობას და დაინტერესებულ ჯგუფებს სრულად გაუწევს იმ მომსახურებას, რომელსაც ხელისუფლება ზღუდავს. ასევე, საჯაროდ გამოვიტანთ ყველა იმ მონაცემს, რომელიც გამოვლენილი იქნა ჩვენს მიერ ჩატარებული პროექტ "კარდაკარის" შედეგად", - განმარტა ლევან ჩიკვაიძემ.