კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, კახეთის სტიქიით დაზარალებულთათვის 80 მილიონი ლარის გადახდის შემდეგ აცხადებს, რომ მზადაა კიდევ 20 მილიონი გადარიცხოს, თუ ეს ფული სტიქიით დაზარალებულებს მოხმარდება. ივანიშვილის განცხადებით, მან კალაძეც დაარწმუნა, რომ ჯარიმა გადაიხადოს.
„20 მილიონსაც გადავრიცხავ და კახი კალაძეც გადაიხდის ჯარიმას, ოღონდ სტიქიით დაზარალებულებს მისცენ. 80 მილიონი გადავრიცხე იმ მიზნით, რომ დავხმარებოდი კახელებს. ამ თანხასაც გადავიხდი და ვერ იტყვიან, რომ ფული არ აქვთ. კახი კალაძეც დავითანხმე, რომ თავის ჯარიმას გადარიცხავს, ოღონდ მიზნობრივად, ხალხს მისცენ ის, რაც დაკარგეს“,-განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტის სასარგებლოდ 20 მილიონი ლარის, კახა კალაძეს კი 17 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილს და კახი კალაძეს, როგორც პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნების მქონე პირებს, მათ უფლება არ ჰქონდათ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან თანხები გაეტანათ.