„ირაკლი ალასანია მომავალში შეიძლება ვიხილოთ უმაღლეს პოსტზე საქართველოში“, - ეს განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებისას ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ჟურნალისტი მას შეეკითხა, ხომ არ ამზადებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს კოალიცია საპრეზიდენტო კანდიდატად. ივანიშვილმა განაცხადა ალასანია პრინციპული და გამოცდილი პოლიტიკოსია და შესაძლოა, მომავალში საქართველოში უმაღლეს პოსტზე დაინიშნოს.
"ირაკლი ალასანია არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი. მას კარგად იცნობენ ამერიკაში. ძალიან პრინციპული და საინტერესო პიროვნებაა. შესაბამისად, სიამოვნებით გავიმეორებ, რომ ირაკლი ალასანია მომავალში შეიძლება ვიხილოთ უმაღლეს პოსტზე საქართველოში", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანია ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად გუშინ წარადგინა.
ცნობისთვის, დღეს კი, ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ხულოში კოალიციის კანდიდატი იქნება ამირან მამულაძე; შუახევში - ჯემალ ფუტკარაძე; ქედაში - ნოდარ ძნელაძე; ხელვაჩაურში - თემურ კახიძე; ქობულეთში - ანზორ თხილაიშვილი; ბათუმში - აკაკი ძნელაძე.