ვლადიმერ ბოჟაძე: ევროკავშირის ელჩის განცხადება არის ძალიან სამწუხარო

ვლადიმერ ბოჟაძე: ევროკავშირის ელჩის განცხადება არის ძალიან სამწუხარო

ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი სახელმწიფო, მათ შორის კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვით და სხვა მიმართულებებით. ასე რომ, ელჩის ეს განცხადება არის ძალიან სამწუხარო, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას.

„ჩვენ ვაგრძელებთ ვალდებულებების შესრულებას. საქართველოში დემოკრატია საფრთხეში არ არის. ის კანონმდებლობა, რომელსაც თავის დროზე საყვედურობდა ევროკავშირი, ახლა თავად მიიღო ევროკავშირმა. იგივე გამჭვირვალობის შესახებ კანონი ერთადერთ რამეს ითხოვდა, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო სამოქალაქო სექტორის დაფინანსება, ახლა თავად ევროკავშირშია ეს პროცედურები დაწყებული. ასევე, საყვედურებს ვისმენდით ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ USAID-ი საერთოდ დახურა პრეზიდენტმა ტრამპმა. ნებისმიერი დამოკიდებულება, რომელიც შეიცავს არასწორ ინფორმაციას, უსამართლობას, ჩვენთვის მიუღებელია“, - განაცხადა ბოჟაძემ.

ევროკავშირის ელჩს ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს საწინააღმდეგო გზავნილი ჰქონდა.