ზვიად ძიძიგური: რუსთავის მერიას საზოგადოება შეცდომაში შეყავს

ზვიად ძიძიგური: რუსთავის მერიას საზოგადოება შეცდომაში შეყავს

კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შარტავას მოედანზე აქციის გამართვის შემთხვევაში გზა გადაიკეტება, უარყოფს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს კოალიციის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე  განუცხადა. მისი თქმით, აქციის მიზნით შარტავას მოედნის გადაკეტვა ქალაქში მოძრაობის ბლოკირებას არ ახდენს და რუსთავის მერიამ მსგავსი განცხადების სახით არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. 

დღესვე, ძიძიგურმა პრესკონფერენციაზე რუსთავის რუკა წარმოადგინა.

„შარტავას მოედნის გარშემო ოთხი ქუჩაა და მოედნის გადაკეტვა ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობას პრობლემებს არ შეუქმნის. ასევე 19 აგვისტოს, რუსთავში აქციის ჩატარების დღისთვის, სპეციალურად სტუმრებისთვის ავტომანქანების სადგომი გამოიყო, რომელიც ქალაქის მერვე მიკრორაიონში განთავსება“, - განაცხადა ძიძიგურმა.

მისივე ცნობით, შარტავას მოედანზე სცენის დამონტაჟება დილის 09:00 საათიდან დაიწყება, ხოლო 16:00 საათიდან სატრანსპორტო საშუალებების მიმართულებების დარეგულირება მოხდება. 

ძიძიგურის განმარტებითვე, კოალიციას ეყოლება 500 კაცისგან შემდგარი საორგანიზაციო ჯგუფი, რომლებიც წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ.