რეაბილიტირებული რაბათის ციხე დღეს საზეიმოდ გაიხსნება. ტოლერანტობის სიმბოლოდ წოდებულ ახალციხის უძველეს უბანს ისტორიული იერსახე დაუბრუნდა.
ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა. სარეკონსტრუქციო-სარესტავრაციო სამუშაოები 7 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობდა.გარემონტდა მეჩეთი მინარეთი, სინაგოგა და ქრისტიანული ტაძარი, ჯაყელების სასახლე,ისტორიული მუზეუმი,აბანოები და ციტადელი.
თითქმის დანგრეული ძველი შენობები არქიტექტორებმა და მშენებლებმა ძველი საარქივო მასალებისა და ფოტოების დახმარებით აღადგინეს.
რაბათის ციხის გახსნის საზეიმო ცერემონიალისთვის საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა ფრანგი შანსონიე, წარმოშობით ახალციხელი შარლ აზნავური. ციხე-სიმაგრის გახსნის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე მისი სოლო კონცერტი გაიმართება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
კონცერტამდე, 17 საათიდან ციხის ტერიტორიაზე სახალხო სეირნობა მოეწყობა. მოსახლეობას საშუალება ექნება განახლებული ციხის ტერიტორია დაათვალიეროს. პარალელურად, სხვადასახვა სახის წარმოდგენა გაიმართება. ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.
რაბათის ციხე რეგიონში ერთ-ერთი მძლავრი ტურისტული ცენტრი გახდება. ამოქმედდება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც უცხოელ სტუმრებს ჯავახეთის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.