კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ფულადი კომპენსაციების დარიგება დაიწყო. ფულად კომპენსაციას სულ 18685 ოჯახი მიიღებს. ოჯახებს თანხები სახელისუფლებო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაზიანების ხარისხის მიხედვით დაურიგდებათ. პირველი კატეგორიის დაზარალებული ოჯახები 1500, მეორე კატეგორიის 1000, ხოლო მესამე კატეგორიის 500 ლარს მიიღებენ.
ამასთანავე, რამდენიმე კვირის წინ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული ჯარიმიდან მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე ჯერ 10 მილიონი, შემდეგ კი 80 მილიონი, ჯამში 90 მილიონი ლარი ლარი გადაერიცხა.
მიუხედავად ამისა, ხელისუფლებას დაზარალებულთათვის დამატებითი თანხები არ გამოუყია და ის მათ დასახმარებლად იმ პროგრამას ახორციელებს, რაც ივანიშვილის მიერ დამატებითი თანხების გადარიცხვამდე ჰქონდა გათვალისწინებული და გამოყოფილი.
რაში შეიძლება გამოიყენოს ეს თანხები ხელისუფლებამ, როგორ შეიცვლება მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება და აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ აღნიშნულ საკითხზე რეაგირებას, ამასთან დაკავშირებით From.ge პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, მანანა კობახიძეს ესაუბრა.
ქალბატონო მანანა, როგორ ფიქრობთ, რა მიზნით არ მოხდა დაზარალებულთათვის დამატებითი თანახების გადარიცხვა?
-ხელისუფლებას უნდა დავუსვათ ეს შეკითხვა, თუ რატომ არ გაიზარდა დაზარალებულთათვის თანხები და აპირებენ თუ არა ამ თანხების მათთვის გამოყენებას, ან საერთოდ რაში იყენებენ მას. ხელისუფლებამ კი შესაბამისი პასუხი უნდა გაგვცეს.
ბიუჯეტში გაჩნდა 90 მილიონი ლარი, ეს იძლეოდა საშუალებას, ბევრად უფრო მეტი კომპენსაციები დაერიგებინათ დაზარალებულთათვის, რაც რეალურად გამოასწორებდა მათ მდგომარეობას. თუ კი დღეს ეს ასე არ ხდება და საუბარია ისევ და ისევ 300 თუ 500 ლარზე, მაშინ ბუნებრივია გამოდის, რომ ხელისუფლება მოსახლეობას კვლავ ურცხვად ატყუებს და რეალურად არაფერს არ ცვლის იმ ხალხის დასაცავად, ვისი ინტერესების დასაცავადაც იყო ეს თანხები გადარიცხული.
როგორ ფიქრობთ, რისთვის გამოიყენებს ხელისუფლება გადარიცხულ 90 მილიონს?
-ამ თანხებს ალბათ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს. ბიუჯეტიცა და თანხებიც მაგათ ხელშია და რაშიც უნდათ იმაში გამოიყენებენ. კონკრეტულად რისკენ იქნება მიმართული, ამას ალბათ ახლო მომავალში ვნახავთ.
შესაძლოა თუ არა ხელისუფლებამ ეს თანხები მათ საარჩევნო კამპანიასა და საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენოს?
-ბიუჯეტის ფულს საარჩევნო მიზნებისთვის ასე ოფიციალურად ვერ გამოიყენებს, ამას კანონი კრძალავს. ფაქტია, რომ თავისი შემოწირულობები უნდა გამოიყენონ, მაგრამ არის უამრავი პროგრამები, რომელსაც ისინი თითქოს და ხელისუფლების სახელით და კონკრეტული თვითმმართველი თუ მმართველობით სახელით ახორციელებენ. სინამდვილეში, რასაც ხელისუფლება ჩადის და რაიმე მსგავსს აკეთებს არის „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია.
მაგალითად ვიცი, რომ ჭიათურაში ფქვილი, ზეთი და სხვა პროდუქტი დარიგდა. ამას კი სოფლის მოსახლეობის დახმარებას და განვითარების პროგრამას ეძახის. სინამდვილეში, ცხადია, ეს ყველაფერი „ნაცმოძრაობის“ ეგდით მოხდა. ამიტომ ხელისუფლება რაში ჩადებს აღნიშნულ თანხებს და რომელ პროგრამას თუ პროექტს დაარქმევს მას, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ, რომ ეს ისედაც ხელისუფლებასთან ანუ „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირდება. ანუ გამოდის, რომ ხელისუფლება ამ თანხებს თავისი პიარკამპანიისთვის სხვადასხვა პროგრამების სახით გამოიყენებს. დღეს ხელისუფლება და „ნაცმოძრაობა“ იმდენად არის შერწყმული სახელისუფლებო ორგანოებთან, როგორც კომუნისტების დროს არ განარჩევდნენ ხელისუფლებას და კომუნისტურ პარტიას.
გაიჟღერა, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილმა, მასზე ჯარიმის სახით დაკისრებული 20 მილიონი ლარი, კვლავ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხოს. ღირს დაზარალებულთათვის დამატებითი თანხების კვლავ გადარიცხვა, როცა გაუგებარია, როგორ განკარგავს ამ თანხას ხელისუფლება?
-შეიძლება გადარიცხოს კიდევაც ბიძინა ივანიშვილმა დამატებითი თანხები, მაგრამ იგივე შედეგი დადგეს. ამიტომ შესაძლოა მან კიდევ ერთხელ მიუთითოს ხელისუფლებას, რომ ასეთი გადარიცხვებით, ამ ადამიანების მდგომარეობა უნდა იცვლებოდეს და დაზარალებულები უნდა გრძნობდნენ შედეგს თავიანთ ჯიბეზე. სამწუხაროდ ამ ხელისუფლებისგან რაიმე პოზიტივს არ ველოდები. ეს ხელისუფლება გასულია კანონის ჩარჩოებიდან და საკუთარი პიარისა და რეკლამის გარდა არაფერს ემსახურება.
თქვენ აპირებდით გადარიცხული თანხების მონიტორინგს, ამ შემთხვევაში როცა მონიტორინგმა ასე რომ ვთქვათ არ გაამართლა, აპირებთ თუ არა რაიმე სხვა ზომის მიღებას?
- ეს თანხები მოსახლეობამდე რომ არ მიდის, ფაქტია. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ხელისუფლებისგან და სხვადასხვა უწყებებისგან ინფორმაციები გამოვითხოვოთ დაუსრულებლად და დავადასტუროთ, რომ თანხები მოსახლეობამდე მართლაც არ მისულა. შემდეგ კი ეს ყველაფერი საერთაშორისო ორგანიზაციებს და ჩვენ ხალხს გავაგებინოთ. ჩვენ ვამხელთ ხელისუფლებას და მის რეალურ სახეს ყველას ვაჩვენებთ. ვიდრე ხელისუფლებაში არ მოვალთ და რეალურად არ შევცვლით ამ ხელისუფლებას, მანამ რაიმე სხვა ქმედითი ნაბიჯის გადადგმა შეუძლებელია, რადგან ხელისუფლების ხელშია ყოველგვარი ბერკეტი.
რამდენად შეიცვლება ამის შემდგომ კახეთის და თუნდაც ზოგადად საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ?
-მარტო კახეთის კი არა, მთელი საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ ხელისუფლება მას დიდი ხანია ატყუებს და რეალურად არაფერს არ აკეთებს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. ხალხი დიდი ხანია ხედავს საით მიყავს „ნაცმოძრაობას“ ეს ქვეყანა. დამოკიდებულება უკვე შეცვლილია და თავის ნებას ხალხი 1 ოქტომბერს დააფიქსირებს.