ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუას ბინაში უცნობი პირები შეიჭრნენ

ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუას ბინაში უცნობი პირები შეიჭრნენ

ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუას ბინაში წუხელ გვიან ღამით უცნობი პირები შეიჭრნენ. უცნობმა პირებმა ისე შეაღწიეს ბინაში, რომ კარები არ ჩაუმტვრევიათ. ამიტომ ჩაჩუა ფიქრობს, რომ შესაძლოა მათ ჰქონოდათ გასაღების “დუბლიკატი” ან სხვა აივნიდან გადმოძვრნენ ბინაში.

საცოვრებელ ბინაში ჩაჩუას პირადი ნივთები არეული დახვდა. თუმცა ჟურნალისტის განცხადებით, ფული და ძვირფასი ნივთები წაღებული არაა. აქედან გამომდინარე ჩაჩუას ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა ეს ინციდენტი უკავშირდებოდეს რამდენიმე კვირის წინ შსს სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს, როცა ისინი პირადი ინფორმაციის მიწოდებას თხოვდნენ.

„2 წელზე მეტია ამ სახლში ვცხოვრობ და ასეთი ფაქტი არ მომხდარა“, - აცხადებს ჩაჩუა.

შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ნოდარ ჩაჩუამ  საპატრულო ბრიგადა გამოიძახა. ისინი შემთხვევის ადგილას რამდენიმე წუთში მოვიდნენ.

აქვე მოვიდა მე-9 არხის დირექტორი, კახა ბექაური და მანაც ის ვარაუდი გამოთქვა, რაც ჩაჩუამ ივარაუდა შს სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ.

ჩაჩუას ადვოკატის, გიორგი როსტომაშვილის განცხადებით,  საგამოძიებო ჯგუფი  მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.

 „მოხდა ჩვენი დაკითხვა, ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენება უკვე მივეცით. ეხლა კი  სამართალდამცავებისგან შესაბამის რეაგირებას ველოდებით“, - განაცხადა ადვოკატმა.