ქართულ ინტერნეტსივრცეში ახალი პორტალი გაჩნდა Info9.com-ის სახელწოდებით, რომელიც ვინმე გიორგი ალტუნაშვილზეა დარეგისტრირებული( Registrant: George Altunashvili, P/E
4-2-6-144, Varketili; Domain Name..: info9.com.ge) და რომელზეც „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ვიდეო-რგოლებია გავრცელებული.
საინფორმაციო სააგენტო Info9-ის რედაქტორი მანანა ელიაშვილი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ახალი პორტალი Info9.com.ge მათი საიტისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არის მიმართული.
„ამ ახალი საიტის შესახებ მედიისგან შევიტყვე. მე არ ვიცი მათი სახელები და გვარები ზუსტად, ვინ შექმნა ეს საიტი, თორემ ვინ დგას ამის უკან, ძნელი გასარკვევი არ უნდა იყოს. გიორგი ალტუნაშვილის შესახებ თქვენგან შევიტყვე. დავინტერესდებით და გავარკვევთ ვინ არის ეს პიროვნება. მათ აქვთ აღებული ჩვენი ლოგო, დიზიაინი, ფერებია ცოტათი შეცვლილი. ქართულ ინტერნეტ სივრცეში უკვე არსებობს Real TV, ITV.ge, რომლებიც ცნობილია რატომ და რისთვის მუშაობენ. რატომ შეწუხდნენ და რატომ შექმნეს კიდევ ერთი საიტი, როცა ეს ნიშა უკვე დაკავებულია, ვერ გავიგე. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი საიტის და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არის მიმართული. ამ საიტის უკანაც ის ადამიანები დგანან, ვინც დაგვდევს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს გვიშვლის. ზუსტად ვიცი, ეს ყველაფერი ჩვენი სახელის გატეხვის გულისთვის არის შექმნილი და იმისთვის, რომ ჩვენთვის ჩრდილი მოეყენებინათ. საიტი შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ მომხმარებელი შეცდომით ამ საიტზე მოხვედრის შემთხვევაში, ისევ ჩვენთან გადმოვა.
ჩვენ მოვითხოვთ გავარკვიოთ, რატომ აიღო და მოიპარა ამ ადამიანმა ჩვენი საიტის ლოგო, დიაზიანი და ასე შემდეგ. იმედი მაქვს, რომ „კავკასუს ონლაინი“ჩვენს მომხმარებელს შეცდომაში არ შეიყვანს“,-აცხადებს ელიაშვილი.