ელისო ჩაფიძე: მაჟორიტარი დეპუტატის  კანდიდატობიდან ჩემი ჩამოშორებისთვის 2 სქემა მუშავდება

ელისო ჩაფიძე: მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატობიდან ჩემი ჩამოშორებისთვის 2 სქემა მუშავდება

კოალიცია „ქართული ოცნების“ ტყიბულის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელისო ჩაფიძის ინფორმაციით, მისი  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობისგან ჩამოსაშორებელი ორი  სქემა არსებობს. ამის შესახებ მან from.ge -სთან საუბარში განაცხადა.

ჩაფიძის ცნობით, მას აქვს დოკუმენტალური მასალა, სადაც ნათლად ჩანს პროვოკაციები, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად საუბრობდა.

„კუდიდან და სოდიდან გამოსული ინფორმაციით, ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობიდან  ჩამოშორებისთვის ორი  სქემა მუშავდება. ერთ-ერთი არის ის, თითქოს მე ვიღაცას ფული უნდა გადავცე, მეორე კი ჩემს შეშინებასა და შანტაჟს გულისხმობს“, - აცხადებს ჩაფიძე.

მისივე თქმით, აღნიშნული უწყებების თანამშრომლებს დავალება აქვთ  მიცემული გადაიღონ მისი ავტომობილის ფოტოები, დაადგინონ რა მიმართულებებით მოძრაობს და ასევე მასთან დაკავშირებული სხვა დეტალები.

„ამიტომ პრევენციის მიზნით მე გადავწყვიტე გამეხმაურებინა ეს ინფორმაცია. ეს თავდაცვის საუკეთესო საშუალება იქნება“, - აცხადებს ის და აღნიშნავს, რომ სხვადასხვა უწყებების მიერ დაგეგმილ ზეწოლებზე ის აბსოლუტურად დარწმუნებულია.

რაც შეეხება მუქარას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჩაფიძის თქმით, მსგავსი ფაქტი არცერთი უწყების მიერ არ მომხდარა.

„ალბათ იციან, რომ ამას არანაირი აზრი არ აქვს. უბრალოდ შტაბის წევრებზე, მათ შორის ჩემზე  სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს  ზეწოლები“, - დასძინა მან.