საპატრულო პოლიციის მიერ მძღოლების დაჯარიმების ფაქტებმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია.ოფიციალური მონაცემებით, ყოველდღიურად საქართველოში 108 ათასი ლარის ჯარიმა იწერება, ხოლო 6 თვეში საქართველოს მოქალაქეები საპატრულო პოლიციის მიერ 20 მილიონი ლარით ჯარიმდებიან, ეს კი წელიწადში ორმოცი მილიონ ლარს შეადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლის პირველი ექვს თვეში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული ჯარიმების სახით დაკისრებულმა თანხამ შეადგინა 21 134 952 ლარი, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა 14 261 933 ლარი. ხოლო 2012 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ჯარიმებმა შეადგინა 18 276 641 ლარი, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა 7 229 740 ლარი.
პოლიციის მიერ დაჯარიმების განსაკუთრებით ხშირი შემთხვევები ოპოზიციის მანქანების მიმართ ხორციელდება. როგორც კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, პარტიის აქციებზე დაფიქსირებულ ყველა მანქანის მძღოლს ჯარიმის გადახდა უწევს.
„ცხადია არსებულ ფაქტს არ აქვს ფისკალური დატვირთვა,ხელისუფლება ცდილობს ყველა ასპექტისა და ბერკეტის გამოყენებას,რათა მოსახლეობა ჰყავდეს წნეხის ქვეშ“, - აღნიშნავს კოალიციის ერთ - ერთი ლიდერი ნოდარ ხადური.
რა თანხა შევიდა „ქართული ოცნების“ დაჯარიმებული მძღოლებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში,ჯერჯერობით უცნობია.
ეკონომისტების შეფასებით ორმოცი მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტისათვის უმნიშვნელო თანხაა, თუმცა საქართველოსთვის ჯარიმების ეს მოცულობა საკმაოდ მაღალია.
„ვფიქრობ, რომ უფრო ლიბერალური უნდა გახდეს საპატრულო პოლიციის მიდგომა მძღოლებისა და ავტომფლობელებისადმი“, - აცხადებს ეკონიმიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე.