ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის „აფბას“ ინფორმაციით, საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორში ევროპის ქვეყნებთან შედარებით 7–ჯერ მაღალი საპროცენტო განაკვეთებია. ამის შესახებ „აფბამ“ From.ge -ს პრესკლუბში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მათი თქმით, დღემდე მიკროსაფინანსო სექტორი სწრაფი ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ამის მიზეზი არამარტო ამ სფეროსთვის დამახასიათებელი ფაქტორებია, არამედ სხვა მაკროფაქტორებიც, ისეთი როგორიცაა: ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა, სოციალური ფონი, ფინანსური ბაზრის მდგომარეობა და ა.შ.
„მოგეხსენებათ, ფინანსური კრიზისის და 2008 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ ბანკები კრედიტების დაუბრუნებლობის პრობლემის წინაშე დადგნენ, რის გამოც: ბანკებმა საგრძნობლად შეზღუდეს სესხების გაცემა და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, ფაქტობრივად, მიუწვდომელი გახდა საბანკო კრედიტი და კრედიტების დაუბრუნებლობის გამო, ბანკის კლიენტების დიდი ნაწილი ე.წ. „შავ სიაში“ მოხვდა, რითაც დაკარგა ბანკთან შემდგომი ურთიერთობის საშუალება“ , - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ მიზეზების გამო მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უფრო აქტუალური და მოთხოვნადი გახდა, ვინაიდან მათ მიერ შემოთავაზებული პირობები, რომელსაც მოსახლეობა, ხშირ შემთხვევაში, ბანკის სესხის გადასაფარად მიმართავს, უფრო ხელმისაწვდომია, თუმცა აღნიშნავენ, რომ სუბიექტებს მისი მიღება ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთის სანაცვლოდ უხდებათ.
„აფბა“-ს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მიკროსაფინანსო სფერო თითქმის ერთადერთია ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებს და დარგებს შორის, რომელიც 2008 წლის საომარი მოქმედებებისა და ფინანსური კრიზისის ფონზე გაიზარდა. სწორედ ამის ამსახველი სტატისტიკა მოიყვანა დღეს ორგანიზაციამ პრესკონფერენციაზე.
სტატისტიკის თანახმად, 2010 წლის დონესთან შედარებით დაახლოებით 200 მილიონი ლარით გაიზარდა და 474 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 180%-იანი ზრდაა. გამოდის, რომ 2 წელიწადში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანი აქტივები თითქმის 2–ჯერ გაიზარდა.
რაც შეეხება საკრედიტო პორტფელის მოცულობას, „აფბას“ ცნობით, იგი ოფიციალური სტატისტიკით, 2012 წლის I კვარტლის მდგომარეობით 382 მილიონი ლარია, 2010 წელს კი მთლიანი სესხების მოცულობა 180 მილიონი ლარი იყო, ანუ 2 წელიწადში მთლიანი სესხები 212%–ით გაიზარდა.
„აღსანიშნავია, რომ საკრედიტო პორტფელის მსგავსი ზრდა ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე ხდება. დღეისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში შემდეგი საპროცენტო განაკვეთები ფიქსირდება: ბიზნეს სესხებზე 31,9%, სამომხმარებლო სესხებზე – 28,9%, ავტო სესხებზე – 58,5%, იპოთეკურ სესხებზე – 34,8%, სალომბარდო სესხებზე – 40,1% და აგრო სესხებზე – 29,8%. საშუალო განაკვეთი კი 37%–ია. მაშინ, როცა ევროპაში საშუალო განაკვეთი 5%–ია (უფრო დეტალურად იხილეთ დანართი 1). გამოდის, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ სესხებზე განაკვეთი საქართველოში დაახლოებით 7–ჯერ მეტია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში“, - განაცხადეს „აფბას“ წარმომადგენლებმა.
მათ მიაჩნიათ, სექტორის წარმატებულად ზრდის მიუხედავად, აქ შეიძლება დიდი საფრთხე დავინახოთ.
ორგანიზაციის წარმომადგენლების მოსაზრებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტების დიდ ნაწილს ბანკებთან გაფუჭებული ურთიერთობების მქონე სუბიექტები წარმოადგენენ, რომლებიც გამოსავლის არ ქონის გამო, თანახმა არიან მიკროსაფინანსოებში გაცილებით მძიმე პირობებით აიღონ სესხი.
„მიკროსაფინანსო სექტორის სწრაფი ზრდა კი სწორედ კლიენტურის რაოდენობის ზრდით არის გამოწვეული. ეს კი ნიშნავს, რომ საზოგადოების სულ უფრო დიდი ნაწილი პრობლემური მსესხებლების კატეგორიაში გადადის და ბანკთან გაფუჭებული ურთიერთობის გამო იძულებულია მიკროსაფინანსო ორგანიოზაციას მიმართოს და მისთვის საკმაოდ არახელსაყრელი პირობებით მომსახურება მიიღოს“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.