"ახალმა მემარჯვენეებმა" დღეს წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში წალენჯიხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. კანდიდატი უშუალოდ პარტიის თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ წარმოადგინა.
პარტიის კანდიდატი წალენჯიხის ოლქში ფრიდონ უბილავა იქნება, რომელიც ადგილობრივი მკვიდრია და რაიონში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გამყრელიძის თქმით, უბილავა 2004 წლიდან არის "ახალი მემარჯვენეების" წევრი, წლების მანძილზე არის პოლიტიკაში და პარტიის ერთგული კადრია.
"ფრიდონი წალენჯიხის მკვიდრია, პროფესიით მშენებელი. იგი კარგად იცნობს რაიონს, მის პრობლემებს, იცის, რა აწუხებს აქაურ მოსახლეობას. მას ერთი დღე არ უცხოვრია წალენჯიხელებზე ზრუნვის გარეშე. დარწმუნებული ვარ, ის შესძლებს საქართველოს პარლამენტში წალენჯიხელთა ინტერესები დაიცვას. ფრიდონი მშენებელია და შენების დიდი გამოცდილება აქვს", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
ამასთან ერთად დავით გამყრელიძემ წალენჯიხელებს პარტიის პროგრამა "შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად" გააცნო. მისი თქმით, წალენჯიხაში ყოველთვის შეძლებული ოჯახები ცხოვრობდნენ თუმცა აღნიშნა, რომ ახლა სხვა ვითარებაა.
„ჩვენი პროგრამა არის პროგრამა იმისა, თუ რას ნიშნავს შეძლებული ოჯახი – ეს არის: დასაქმებული ადამიანები, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ხარისხიანი განათლება და უზრუნველი სიბერე. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და სწორად გამოკვეთილი პრიორიტეტები, ასახული სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯვაში", – განაცხადა დავით გამყრელიძემ.
დავით გამყრელიძესთან ერთად წალენჯიხაში მაჟორიტარი კანდიდატისა და პროგრამის წარდგენას პარტიის ლიდერები მანანა ნაჭყებია და ლევან კალანდაძე ესწრებოდნენ.