„პარლამენტმა უნდა გადახედოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მესაკუთრის ნებართვის გარეშე მიწერილ პირებსაც აქვთ“, - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაანცხადა.
როგორც ქუცნაშვილი აცხადებს, ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების დაკანონებული გაყალბებას ცდილობს. მისი თქმით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გარდამავალ დებულებებში 2012 წლის ივლისში შეტანილი ცვლილებებით, განსხვავებულად დარეგულირდა მიწერილი ამომრჩევლის ხმის მიცემის საკითხი.
ქუცნაშვილი განმარტავს, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში მესაკუთრეების ნებართვის გარეშე მიწერილი პირების რაოდენობა 189 ათას ადამიანს შეადგენს, რომელთაც პარლამენტის მიერ ივლისში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით. კერძოდ, ქუცნაშვილის განმარტებით, ცვლილებების შესაბამისად, მიწერილი, იგივე რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩეველი 2010 წლის ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებით, კვლავ რჩება ამომრჩეველთა სიაში ძველი რეგისტრაციის მიხედვით და ხმას აძლევს იმავე უბანზე როგორც მაჟორიტარულ, ისე პროპორციულ არჩევნებში.
„აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგბა სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლის თანახმადაც, პირს, რომელსაც რეგისტრაცია გაუუქმდა მესაკუთრის მოთხოვნითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კანონმდებლობის ამ სახელმძღვანელო პრინციპიდან გამომდინარე ამომრჩეველთა სიაში ყოფნის უფლება აღარ აქვს. მოვითხოვთ პარლამენტმა გადასინჯოს ეს გადაწყვეტილება. გვაქვს ეჭვი, რომ ეს არის სწორედ იმ პარტიების კვოტა, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ სახელმწიფოსთან“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, თუკი აღნიშნული საკითხი არ ჩასწორდა, ამომრჩეველთა სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მუშაობას არანაირი აზრი არა აქვს.
ქუცნაშვილის ინფორმაციითვე კოალიცია "ქართული ოცნება" საკუთარი კარდაკარის შედეგებს 17 აგვისტოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიას გადასცემს, რადგან კოალიციის კარდაკარისას სიაში ოთხი სახის ცდომილება აღმოაჩინეს – გარდაცვლილები, სიიდან გამორჩენილები, მიწერილი და უცხოეთში მყოფი ამომრჩევლები.
მისივე ინფორმაციით, კოალიციამ გუშინ ცესკო-სგან საარჩევნო ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა სიის მონაცემების გადაცემაზე უარი მიიღო. როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, უარის გამო კოალიციას არა აქვს საშუალება კომისიისა და „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული „კარდაკარის“ შედეგები შეადაროს.
„ქართული ოცნება“ პროგრამა „კარდაკარის“ შედეგებს სრულად გადაუგზავნის სახელმწიფო კომისიას, რომელმაც თავის მხრივ, აღნიშნული მონაცემები საოლქო საარჩევნო კომისიებს უნდა გადაუგზავნოს და ორი დღის ვადაში კოალიციამ დასაბუთებული პასუხი უნდა მიიღოს - იქნება თუ არა გათვალისწინებული შედეგები ამომრჩეველთა სიაში. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო კომისია და საოლქო კომისიები ამომრჩეველთა სიის მონაცემებს არ შეასწორებენ, „ქართული ოცნება“ სასამართლოს მიმართავს“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.