„ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კარბელაშვილმა ვაკის რაიონის მოსახლოებასტან შეხვედრები დაიწყო.
კარბელაშვილი თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთად, რომელიც მმართველი პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელია, აფხაზეთიდან დევნილ ტარიელ ხვისტანის ოჯახს ესტუმრა და მთავრობის მიერ დაგეგმილ სოციალურ პროექტებზე გაესაუბრა.
გიგი უგულავამ ამის შემდეგ ვაკის მოსახლეობას რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კიდევ ერთხელ გააცნო, სადაც გიორგი კარბელაშვილმა მოსახლეობასთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.
კარბელაშვილი და უგულავა „მზიურშიც“ მივიდნენ და პარკში მდებარე ქანდაკებები დაასუფთავეს. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დეტალურად გაეცნო იმ პროექტს, რომლის მიხედვითაც საბავშვო ქალაქ „მზიურის“ სამომავლო განვითარება უნდა მოხდეს. ამავე პარკში ახალ საკალათბურთო მოედანზე უგულავამ და კარბელაშვილმა ვაკეში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად მოყვარულ კალათბურთელთა თამაშს უყურეს.