საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილის, „ინვესტინ ჯორჯიას“ ხელმძღვანელის დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, საპარტნიორო ფონდი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე მუშაობს, ეს არის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის მსხვილი პროექტები და სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურული პროექტები.
„საპარტნიორო ფონდი იმისთვის ჩამოყალიბდა, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განხორციელდეს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას უკავშირდება. საპარტნიორო ფონდი შეიქმნა როგორც მნიშვნელოვანი სტრუქტურა. საპარტნიორო ფონდი დღეს სააქციო საზოგადოებაა, რომლის შემადგენლობაში შედიან ძირითადი სახელმწიფო საწარმოები. ამ ფონდის გავლით ხდება საწარმოების მართვა, ამ საწარმოების მეშვეობით ხდება მსხვილი პროექტების განხორციელება“, – აღნიშნა დიმიტრი გვინდაძემ.
რაც შეეხება „ინვესტინ ჯორჯიას“, რომლის ხელმძღვანელადაც ასევე ფინანსთა ყოფილი მინისტრი დაინიშნა, დიმიტრი გვინდაძემ განმარტა, რომ „ინვესტინ ჯორჯია“ საინვესტიციო სააგენტოა, რომელიც საპარტნიორო ფონდის ნაწილია. მისი ძირითადი ფუნქცია არის ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.